გიგი უგულავა - მინდა, გახარიას პარტიას და მის ამომრჩევლებს მოვუწოდო აქტიურობისკენ, თქვენც არ მოგწონთ უპერსპექტივობა, კლანურობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა
გიგი უგულავა - მინდა, გახარიას პარტიას და მის ამომრჩევლებს მოვუწოდო აქტიურობისკენ, თქვენც არ მოგწონთ უპერსპექტივობა, კლანურობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა

მინდა, ყველა ფოთელს, ვთხოვო, მოვუწოდო აქტიურობისკენ. დღეს თქვენს ხელშია მეგობრებო, როგორ განვითარდება ეს ქალაქი, გავაგრძელებთ თუ არა ჩვენ წრეზე ტრიალს, სტაგნაციას, უპერსექტივობას, უმუშევრობას, თუ მხარს დაუჭერთ განვითარებას, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

მან მოსახლეობას და კონკრეტულად პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერებს მიმართა და აქტიურობისკენ მოუწოდა.

„განსაკუთრებით, მინდა, ბატონი გახარიას პარტიას და მის ამომრჩევლებს მოვუწოდო აქტიურობისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიამ ნეიტრალიტეტი დააფიქსირა. მეგობრებო, თქვენ ამ ქალაქში ცხოვრობთ, თქვენც არ მოგწონთ უპერსპექტივობა, ის კლანურობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აქ შექმნა. თქვენც არ მოგწონთ ის, რომ თევზის სუნად აყროლებენ აქაური ოლიგარქები ქალაქს, ფოთს ეპყრობიან უპატივცემლოდ. არც თქვენ მოგწონთ ის, რომ აქაურ პენსიონერებს არა აქვთ ნორმალური პენსია. მე დარწმუნებული ვარ, თქვენც დაუჭერთ მხარს იმას, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან 50 ლარით გაიზარდოს პენსია, თქვენც დაუჭერთ მხარს იმას, რომ აქ სკოლის მოწაფეებს ჰქონდეთ უფასო კვება. ამიტომ, მეგობრებო გადავცეთ მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს ვიაქტიუროთ, არ არის დღეს ნეიტრალიტეტის დრო, რადგან მართლაც, პირდაპირი მნიშვნელობით ქალაქი და ქვეყანა არის გადასარჩენი. დღეს განზე გადგომა არ იქნება, დღეს გვერდიდან ვერ შევხედავთ პროცესებს. ეს ქალაქი ჩვენია და არა იმ რამდენიმე ოჯახის, რომლებმაც დაინაწილეს და თვლიან, რომ მათი საკუთრება უნდა იყოს მოსყიდვით და დაშინებით. ხან ერთ ხელის ბიჭს დაუსვამენ ქალაქს, ხან მეორე ხელის ბიჭს. ასე ვერ გაგრძელდება, აქტიურობაა საჭირო, რომ დავიბრუნოთ ქალაქი და შავ ზღვაზე მართლაც მაგალითი გახდეს ფოთი და ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.