გიგი უგულავა - კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ არ არიან სიაში და ვერ მისცემენ ხმას
ადამიანებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე, ეუბნებიან, რომ არ არიან სიაში და ვერ მისცემენ ხმას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კვიპროსზე, კერძოდ ქალაქ ნიქოზიაში დაფიქსირდა ფაქტი, რომ ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა, რადგან უთხრეს, რომ სიაში არ არის. თუმცა უგულავას თქმით, ამ ადამიანებს გავლილი ჰქონდათ ონლაინ რეგისტრაცია და შეტყობინებაც მიიღეს, რომ საარჩევნო სიაში იმყოფებიან.
უგულავა აღნიშნულზე პასუხისმგებლობას ცესკო-ს, იუსტიციის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს აკისრებს.
„საზოგადოებამ უკვე იხილა, რომ საბერძნეთის რამდენიმე უბანზე მოსახლეობას მასიურად არ აქვს შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის მიღების. ბევრმა ადამიანმა, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ კანონის შესაბამისად გაიარეს რეგისტრაცია, დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და შესაბამისად უნდა იყვნენ სიაში, ამის დადასტურება ავტომატურად მიდის ადამიანთან, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია. უცხოეთის უბნებზე ადამიანები ასობით კილომეტრებს გადიან, თუმცა ადგილზე მისულებს არ აძლევენ უფლებას, მისცენ ხმა. ეს არის დანაშაული იუსტიციის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დეპარამენტის. მათ მიერ ორგანიზებული გაყალბება. ვითხოვთ პასუხს ამ ორი უწყებისგან და ცესკო-სგან. ეს არ არის შემთხვევითი. უცხოეთის უბნების მიმართ ცუდი გაგებით, „სიფრთხილე” გამოიჩინეს. როგორც ჩანს, უბრალოდ ადამიანები მოტეხეს საარჩევნო პროცესიდან იმიტომ, რომ მათი იმედი არ ჰქონდათ“- განაცხადა უგულავამ.