გიგი უგულავა - ყველა, ვისაც შეიძლება შეეხოს ეს უსამართლობა, თავაწეული შევალთ და ასევე გაღიმებულები, თავაწეულები გამოვალთ ციხიდან
გიგი უგულავა - ყველა, ვისაც შეიძლება შეეხოს ეს უსამართლობა, თავაწეული შევალთ და ასევე გაღიმებულები, თავაწეულები გამოვალთ ციხიდან

დაჭერებზე პასუხი იქნება მშვიდი, ჩვენ თავაწეული შევალთ ყველანი, ვისაც შეიძლება შეეხოს ეს უსამართლობა და ასევე გაღიმებულები, თავაწეულები გამოვალთ ყველანი ციხიდან, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„მთავარი ისტორია აქ არის, ვინ აკავებს. აკავებს გახარია, რომელიც თავად არის მთავარი ეჭვმიტანილი სისხლიან დარბევაში და გავრილოვის ღამის მოწყობაში. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ემსახურება პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას, განსაკუთრებით „რუსთავი 2“-ის წაღების შემდეგ, როგორც ჩანს, ბოლომდე გათავხედებულია ივანიშვილი და აგვისტოში, როდესაც დიპლომატიური კორპუსი ისვენებს, როცა საერთაშორისო ინსტიტუტები შედარებით დასვენების რეჟიმშია, როგორც ჩანს, ჩვენ გვექნება ძალიან ცხელი აგვისტო, სადაც ყველა შავი ზრახვა, რაც აქვს ივანიშვილს, ვგულისხმობ მოსუფთავებას. ამ ტერმინს ის ხშირად ხმარობს თავის ვიწრო წრეში. იგულისხმება მედიამოსუფთავება, იგულისხმება პოლიტიკური ოპოზიციისგან სათამაშო მოედნის მოსუფთავება. ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული. ამას ჩვენ უნდა შევხვდეთ მხნედ. არანაირი უკანდახევა არ უნდა იყოს. იქნება დაჭერები. დაჭერებზე პასუხი იქნება მშვიდი, ჩვენ თავაწეული შევალთ ყველანი, ვისაც შეიძლება შეეხოს ეს უსამართლობა და ასევე გაღიმებულები, თავაწეულები გამოვალთ ყველანი ციხიდან. ამიტომ ეს დაშინება არის შეშინებული ადამიანის რეფლექსები. ამ მოწმენდილ მოედანზე ჩაჯდება ივანიშვილი თავის ოცნებასთან ერთად ტალახში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ ოთხი პირია დაკავებული.