გიგი უგულავა - იწყება პროტესტის უწყვეტი ჯაჭვი, გამოცხადდება ორთვიანი გეგმა, იქნება სირცხვილის კორიდორი, საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? ყველგან დახვდებათ სიმართლე
გიგი უგულავა - იწყება პროტესტის უწყვეტი ჯაჭვი, გამოცხადდება ორთვიანი გეგმა, იქნება სირცხვილის კორიდორი, საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? ყველგან დახვდებათ სიმართლე

იწყება პროტესტის უწყვეტი ჯაჭვი, იქნება მცირე აქციები, დიდი აქციები, პიკეტი, სირცხვილის კორიდორი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ წევრები რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან, საიდანაც ფილარმონიის შენობასთან გადაინაცვლებენ და ოპოზიციის საერთო მსვლელობას შეუერთდებიან.

უგულავას თქმით, დღევანდელ აქციაზე მომდევნო ორი თვის გეგმა გამოცხადდება.

„დღეს იწყება უწყვეტი პროტესტის ჯაჭვი. მსურველები დარჩებიან პარლამენტთან. გამოვაცხადებთ მომდევნო ორი თვის გრაფიკს: იქნება მცირე აქციები, დიდი აქციები, პიკეტი, სირცხვილის კორიდორი და ა.შ. მთავრობის სხდომა იქნება, პარლამენტის სხდომა იქნება თუ საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები სადმე, ყველგან დახვდებათ სიმართლე. შეუძლებელია, პოლიტიკური ფასის გადახდის გარეშე მოხდეს ის, რაც მათ ჩაიდინეს. ვხედავთ, რომ ერთპარტიული პარლამენტი აბსოლუტურ ეროზიას განიცდის. ვხედავთ, რომ ერთპარტიულ მმართველობას მივყავართ იქამდე, რამაც დაგვინგრია საერთაშორისო რეპუტაცია.

ყველა ადამიანი, ვინც ამას გრძნობს და ამის შეცვლა უნდა, გააპროტესტებს აქციებით, სხვადასხვა ფორმით, და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივალთ იქამდე, რომ პოლიტპატიმრები გამოვლენ ციხიდან და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, როგორც ერთადერთი შესაძლებლობა ამ პოლიტიკური და მორალური კრიზისის განმუხტვის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.