გიგი უგულავა - გვაინტერესებს მნიშვნელოვან საკითხებზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოზიციები და შემდეგ გაირკვევა, რა ტიპის პარტიასთან გვაქვს საქმე
გიგი უგულავა - გვაინტერესებს მნიშვნელოვან საკითხებზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოზიციები და შემდეგ გაირკვევა, რა ტიპის პარტიასთან გვაქვს საქმე

„ევროპულ საქართველოს“ არ გვაქვს წინასწარი აკვიატება ვინმესთან ართანამშრომლობის ან თანამშრომლობის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა ხაზარაძე-ჯაფირიძის პარტიასთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ დასმულ კითხვაზე.

უგულავა ვარაუდობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემისა და ნულოვანი ბარიერის პირობებში კიდევ ბევრი პარტია შეიქმნება.

„ჩვენ „ევროპულ საქართველოს“ არ გვაქვს წინასწარი აკვიატება ვინმესთან ართანამშრომლობის ან თანამშრომლობის. ერთადერთი წითელი ხაზი ბუნებრივია, პრორუსული პარტიები და თვითონ „ქართული ოცნებაა“. დანარჩენი, ჩვენ ვიცნობთ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს როგორც ბიზნესმენებს, მაგრამ საზოგადოებამ დღეიდან თუ ხვალიდან უნდა გაიცნონ, როგორც პოლიტიკოსები“, – აღნიშნა უგულავამ.

მისი შეფასებით, შესაბამისად საინტერესოა მათი პოზიციები მთელ რიგ საკითხებზე და ამის შემდეგ გაირკვევა, რა ტიპის იქნება ახალი პარტია, რომლის დაფუძნებასაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გეგმავენ.

„ბუნებრივია, ჩვენ გვაინტერესებს მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე, საჭირბოროტო საკითხებზე მათი პოზიციები და შემდგომ გაირკვევა, რა ტიპის ორგანიზმთან და რა ტიპის პარტიასთან გვაქვს საქმე. ამიტომ წინასწარ წარმატებას ვუსურვებ იმ გაგებით, რომ რაც უფრო მეტი მოთამაშე იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მით უკეთესია, მაგრამ ამავე დროს, რა ფორმით იქნება, საერთოდ რა ღირებულების პარტია იქნება, ეს უკვე უნდა ვნახოთ ალბათ, როდესაც პარტია დაიწყებს ფუნქციონირებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შემდეგ, პოლიტიკური პარტიის დაფუძნებასაც აპირებენ.