გიგი უგულავა - ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს, მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მოლაპარაკებათა რაუნდებზე წარმოდგენილი იყვნენ სხვა ლიდერები
გიგი უგულავა - ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს, მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მოლაპარაკებათა რაუნდებზე წარმოდგენილი იყვნენ სხვა ლიდერები

„ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება, რომელმაც კრიზისი უნდა განმუხტოს, რადგან ჩვენ განვიხილავთ შარლ მიშელის ექვსპუნქტიან გეგმას ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილების გეგმად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, გიგი უგულავა მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის მორიგ რაუნდებზე წარმოდგენილი იყვნენ სხვა ლიდერები.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს და არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განმუხტვამდე, პირიქით. ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ „ქართულ ოცნებას“, რომ თავი შეიკავოს ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან და რაუნდები თუ ასეთი იქნება, წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით. მაგრამ ამასთანავე, ჩვენ „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება, რომელმაც კრიზისი უნდა განმუხტოს, რადგან ჩვენ განვიხილავთ შარლ მიშელის ექვსპუნქტიან გეგმას ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილების გეგმად. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, არ მივცემთ საშუალებას „ქართულ ოცნებას“, ჩაშალოს ეს მოლაპარაკებები და ხელი გაიშვიროს სხვა მიმართულებით“, – განაცხადა გიგი უგულავამ.