გიგი უგულავა - დღესაც ერთგული ვართ „ვარდების რევოლუციის“ რეფორმების, განსხვავებით ჩვენი სხვა კოლეგებისგან
დღესაც ერთგული ვართ „ვარდების რევოლუციის“ რეფორმების, განსხვავებით ჩვენი სხვა კოლეგებისგან, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ.
„ყველაზე მეტად და მთავარი მემკვიდრე რეფორმების, იმ ღირებულებების, რომლისთვისაც ჩვენ თავის დროზე დავიწყეთ ბრძოლა და შემოვედით პოლიტიკაში, რომელსაც ქართველმა ხალხმა თავის დროზე დაარქვა „ვარდების რევოლუცია“, მთავარი მემკვიდრე არის ის, ვინც გააკეთა და ინარჩუნებს ერთგულებას იმ რეფორმების მიმართ, რომლებიც გავაკეთეთ სხვებთან ერთად. მაგრამ ჩვენ დღესაც ერთგული ვართ ამ რეფორმების, განსხვავებით ჩვენი სხვა კოლეგებისგან.
ეს არის პარტია, რომელიც არ არის ჩამოკიდებული ერთ კაცზე. დააკვირდით, საქართველოში არც ერთი პარტია არ არის დემოკრატიულ პრინციპებზე მოწყობილი, არც ერთი პარტია არ არის ისეთი, რომელიც ერთ კაცზე არ კიდია, გინდა სახელისუფლებო და გინდა ოპოზიციური.
ამიტომ, ერთადერთი პარტია, რომელსაც შეუძლია, საკუთარი მე და ამბიცია უკან გადადოს და საქართველო დააყენოს წინ, „ევროპული საქართველოა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.