გიგი უგულავა - ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ იმ საავადმყოფოსთან, სადაც გადაიყვანენ სააკაშვილს, არანაირი აქცია არ იქნება
გიგი უგულავა - ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ იმ საავადმყოფოსთან, სადაც გადაიყვანენ სააკაშვილს, არანაირი აქცია არ იქნება

ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ იმ საავადმყოფოსთან, სადაც გადაიყვანენ სააკაშვილს, არანაირი აქცია არ იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის სრულ გათავისუფლებამდე, რიგგარეშე არჩევნებისთვის.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას სიცოცხლის გადარჩენა, რომ ავიცილოთ პერსონალური, ეროვნული და ისტორიული ტრაგედია. რაც შეეხება გორის ჰოსპიტალს, ჩვენ, აქ მყოფი ადამიანები ამას ვერ გადავწყვეტთ და არ დავემსგავსებით კობახიძესა და ივანიშვილს, რომლებიც ექიმების მაგივრად საუბრობდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე. ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ ერთი ექიმიც არ გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ იქ კარგია, უნდა გადაიყვანოთო, 2-3 კვირაა, ამას ვისმენთ. ამიტომ ეს საკითხი გადაწყვიტონ ექიმებმა. რატი ბრეგაძე ფარისეველია, რადგან ჩვენ ვნახეთ, როგორ ძალითა და მოტყუებით გადაიყვანეს გლდანის გულაგში სააკაშვილი და ახლა ეუბნება, რომ შეთავაზებაა, მაგრამ დავანებოთ ახლა ამ დეტალს თავი. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ არანაირი აქცია არ იქნება იმ საავადმყოფოსთან, სადაც გადაიყვანენ და ჩვენ ამ ვალდებულებას შევასრულებთ. რაც ვთქვით, იმას შევასრულებთ. რა თქმა უნდა, ბრძოლა გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის სრულ გათავისუფლებამდე, რიგგარეშე არჩევნებისთვის, მაგრამ რაც ვთქვით, აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

დატოვე კომენტარი