გიგი უგულავა - ჩვენი კარი კოალიციურ ერთობაში ღიაა გახარიას პარტიისთვისაც, კოალიციური ალტერნატივა არის ის, რასაც ვთავაზობთ „ქართული ოცნების“ საპირწონედ
გიგი უგულავა - ჩვენი კარი კოალიციურ ერთობაში ღიაა გახარიას პარტიისთვისაც, კოალიციური ალტერნატივა არის ის, რასაც ვთავაზობთ „ქართული ოცნების“ საპირწონედ

ფოთში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმებას ხელს ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა და შემდეგი პარტიების წარმომადგენლები აწერენ -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, მოძრაობა „თავისუფლებისთვის“, „ლელო“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „თავისუფალი საქართველო“, ერთიანი საქართველო“.

როგორც კოალიციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ განაცხადა, მისი გამარჯვების შემთხვევაში ფოთში პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა შეიქმნება.

„ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მე, როგორც მერობის კანდიდატი და ფოთის პოტენციური მერი, ვიღებ ვალდებულებას, რომ პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით შევქმნათ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ფოთს კონკრეტული გადაუჭრელი პრობლემები აწუხებს. მაგალითად, თევზის სუნი, რომელიც ნოემბრიდან მარტის ჩათვლით ადამიანებს ნორმალური სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. როდესაც კოალიციური მართვის შემთხვევაში თუნდაც ერთი სამსახური ან მერი გაბედავს და შეეკვრება იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ჩადიან, კოალიციის სხვა პარტნიორები ამის უფლებას არ მისცემენ. შესაბამისად, შეიქმნება კრიზისი. კრიზისი არის ის, რაც გამორიცხავს მერისგან ან მისი მოადგილისგან ისეთ ქმედებას, რომელიც საზოგადოების წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის კოალიციურ ერთობაში კარი სხვა პარტიებისთვის, მათ შორის გიორგი გახარიას პარტიის წევრებისთვის ღიაა.

„ჩვენი კარი კოალიციურ ერთობაში ღიაა გახარიას პარტიისთვისაც, მისი კანდიტისთვის, მისი წევრებისთვის, თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად ფართო უნდა იყოს. პატივს ვცემთ მათ აზრს, თუმცა მიგვაჩნია, რომ მეტი ჩართულობით ფოთს მეტ სიკეთეს მოვუტანთ. კოალიციური ალტერნატივა არის ის, რასაც ვთავაზობთ, ერთფეროვანი, ნაცრისფერი და არა ცისფერი, როგორ აქამდე იყო, „ქართული ოცნების“ საპირწონედ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.