გიგი უგულავა - ჩვენ არ მივიღებთ თავს მოხვეულ კომენდანტის საათს, რაღაც საბჭოთა გადმონაშთს
გიგი უგულავა - ჩვენ არ მივიღებთ თავს მოხვეულ კომენდანტის საათს, რაღაც საბჭოთა გადმონაშთს

ხშირად გვეუბნებიან, რა არის გეგმა, გეგმა მარტივია – გამძლეობა, არ დავიღლებით? მოვალთ? დავდგებით? გავიმარჯვებთ. ეს არის გეგმა, მეტი გეგმა არ არსებობს და არ მოუგონია კაცობრიობას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„მეგობრებო, ეს ადგილი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მოედანია, აქ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც რუსეთის საოკუპაციო საბჭოთა რეჟიმმა და კერძოდ, გენერალმა როდიონოვმა კომენდანტის საათი გამოაცხადა. ამის შემდეგ, კომენდანტის საათი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის და არა ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, ხაზს ვუსვამ, გამოაცხადა მეორე როდიონოვმა, ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ, მეგობრებო, ეს კომენდანტის საათი არის თქვენი თავისუფლების ჩვეულებრივი ​შეზღუდვა, რომ გამოხვიდეთ ქუჩაში და გამოხატოთ თქვენი ბრაზი. ჩვენ გამოვხატავთ ბრაზს და ვამბობთ, რომ გაყალბდა არჩევნები, ესენი გვაშანტაჟებენ და გვეუბნებიან, დარჩით სახლში, თორემ ლარის კურსი ჩამოიქცევა. ჩვენ გამოვხატავთ ბრაზს და ვამბობთ, გამოვალთ ქუჩაში და გავაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს, ესენი გვაშანტაჟებენ და გვეუბნებიან, დარჩით სახლში, თორემ კორონა შეგჭამს და მე ფეხზე დაგიკიდებ, რადგან ჩვენ გვითხრეს უკვე ექიმებმა, რომ წყალი დალიეთ და სახლში იყავით, ჩვენ ვერაფერს გიშველითო. ასე გვაშანტაჟებენ და გვეუბნებიან, პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება შეგიწყდებათ, თუ არ შემოხვალთ ამ გაყალბებულ არჩევნებშიო. ესენი გვაშანტაჟებენ და გვეუბნებიან, ათას რეგულაციას დაგიწესებთ, სამუშაოებს წაგართმევთ, ყველაფერს წაგართმევთ, გავყინავ ეკონომიკას და ა.შ. ოღონდ მე დავრჩე ძალაუფლებაშიო, ოღონდ მე ვიყო ხელისუფლებაში 2030 წლამდეო. ამიტომ, მეგობრებო, აქ გამოსავალი არის ერთი, მტკიცე და მთავარი – ეს არის თითოეული თქვენგანის გამძლეობა. ეს ხალხი არ ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ამათ ბოდიში და ფეხზე ჰკიდიათ ჩვენი ჯანმრთელობა. ჩვენ ეს კარგად ვნახეთ, ესენი არ ზრუნავენ თქვენს დასაქმებაზე, ესენი ზრუნავენ მხოლოდ საკუთარი ნათესავების დასაქმებაზე. ესენი არ ზრუნავენ ჩვენი ქუჩების უსაფრთხოებაზე, ესენი შეხმატკბილებულები არიან კრიმინალთან, ამიტომ რეალობა არის მძიმე, მაგრამ როგორც არასდროს, პოლიტიკური ოპოზიციის ერთიანობა და თქვენი, თითოეული გაბრაზებული ადამიანის სიმტკიცე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმა მარტივია და გამძლეობას გულისხმობს.

„ხშირად გვეუბნებიან, რომ აი, რა უნდა გავაკეთოთ, რა არის გეგმა. მეგობრებო, გეგმა მარტივია – გამძლეობა, არ დავიღლებით? მოვალთ? დავდგებით? გავიმარჯვებთ. ეს არის გეგმა, მეტი გეგმა არ არსებობს და არ მოუგონია კაცობრიობას. მე მინდა, ინდივიდუალურად გთხოვოთ, მიიღოთ 10:00 საათის შემდეგ ამ კომენდანტის საათის დარღვევის გადაწყვეტილება. პირადად მე, ისევე, როგორც აქ წარმოდგენილი ყველა სხვა პოლიტიკური ლიდერი, დავრჩებით იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჩვენ არ მივიღებთ ამ თავს მოხვეულ კომენდანტის საათს, ამ რაღაც საბჭოთა გადმონაშთს. ბოლოჯერ როდესაც მოვისმინეთ 89 წლის 9 აპრილის შემდეგ, ეს სიტყვა საერთოდ შეურაცხმყოფელია. რა კომენდანტის საათზე ლაპარაკობთ, რა ცხრა საათზე თურმე კორონა არის და ათ საათზე კორონა არ არის. გვეუბნებიან, თურმე ათი საათის შემდეგ რესტორნებში ხალხი ქეიფობს და ამიტომ სახლში უნდა წავიდეთო. შეხედეთ, სად არის რესტორნები, დაკეტილია, აღარავის აქვს ფული, არც სარესტორნო და არც ოჯახის შესანახად, რადგან გააუბედურეს მთელი ქვეყანა და მეტი არაფერი არ ადარდებთ გარდა ერთისა, რომ თვითონ იყონ კარგად, წარმოუდგენელია. მილიარდერი და მილიონერების მთავრობა გყავს და ყველაზე უფრო გაღატაკდა ჩვენი ქვეყანა ასეთ ვითარებაში. ამიტომ ამას, ბუნებრივია, არავინ მიიღებს“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეებმა ადგილზე დარჩენის გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღონ, ხოლო პოლიტიკური ლიდერები საერთო სარჩელს მოამზადებენ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის.

„ინდივიდუალურად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ამავე დროს მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ, პოლიტიკური პარტიები უზრუნველვყოფთ იმას, რომ საერთო სარჩელი შეიქმნას, რომ ვიდავოთ საკონსტიტუციო სასამართლოში აი, ამ უწესო, უკანონო, ძალადობრივი ჯარიმების წინააღმდეგ. და ბოლოს მეგობრებო, ჩვენ ბრძოლას და ნებისმიერ აი, ასეთ ბრძოლას 30 წელიწადია, როდესაც სულ ერთია, ვინ არის მთავრობაში და ვინ ოპოზიციაში. აქ რომ მოდის ადამიანი, იმას უკვე უჭირს და რაც უფრო მეტად გაუსწორებს ნებისმიერი მთავრობა ამას თვალს, მით უფრო აღარ დაგვჭირდება აქ შეკრება, მაგრამ ყველა ასეთ ბრძოლას თან ახლავს ერთი მთავარი რაღაც, ყოველთვის არიან დაჭრილები და ყოველთვის არიან პოლიტპატიმრები. მე პრაქტიკულად არ მახსოვს რუსთაველზე შეკრებილი პროტესტი, რომლის პარალელურად და რომელიც არ ითხოვდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ჩვენ დღეს ვხედავთ, რას გვესაუბრებიან დიალოგზე და ამავე დროს ძალადობენ. გუშინ იყო ძალადობა, გუშინ ოთხი კაცი დაიჭირეს. გუშინწინ დაიჭირეს ადამიანები გაუგონარი ბრალდებით. უთხრეს, რომ საკუთარი ძმაკაცი სიკვდილამდე მიიყვანეო. მანამდე იმისათვის, რომ პროპაგანდა ეწარმოებინათ, კარტოგრაფები დაიჭირეს. რა, დღეს აღარ არის გარეჯი საქართველო? დღესაც არის, გუშინაც იყო და ხვალაც იქნება, ისევე, როგორც ის ხალხი არის პოლიტპატიმარი და ჩვენგან მოითხოვს ხმამაღალ მხარდაჭერას. ასევე, მეგობრებო, 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო გიორგი რურუას განთავისუფლება, მაგრამ მას ისევ მძევლად იტოვებს ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენ ვნახეთ, როდესაც არჩევნები უტიფრად გააყალბეს და მერე ციხით გვემუქრებოდნენ. ვნახეთ, ის საოცარი, საზიზღარი კადრები, კრიმინალი როგორ ებრძვის მას, თავს ესხმის მას, ამიტომ თითოეული თქვენი ხმა, თითოეული თქვენი შეძახილი, თითოეული თქვენგანის თანადგომა ამ ციხეში გამოკეტილი ადამიანებისთვის არის ფასდაუდებელი, ამიტომაც გააგონეთ თქვენი ხმა პოლიტპატიმრებს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება ჩვენს ქვეყანას. თავისუფალი არჩევნები ივანიშვილის გარეშე, ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რომელზეც უკან არასოდეს დავიხევთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.