გიგი უგულავა - ჩვენ არ გვინდა სახელმწიფო, სადაც მდიდრებს ფულს ართმევენ, სადაც ხელისუფლება ვინმეს რამეს ართმევს
2 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი, სადაც თითოეული ჩვენგანი გადავწყვეტთ და საბოლოო განაჩენს გამოვუტანთ, გავისტუმრებთ „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ განაცხადა გიგი უგულავამ, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ფოთის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. გიგი უგულავა ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრით იქნება წარმოდგენილი.
უგულავამ აღნიშნა, რომ ხშირად ეკითხებიან, „რატომ ფოთი? რატომ მე? რატომ 5 ნომერი?“.
„ვხედავ აქაც და ბევრგან გაკვირვებულ თვალებს და ძალიან ბევრი მეკითხება ეს უკანასკნელი დღეებია, რატომ ფოთი? რატომ მე? რატომ 5 ნომერი? მე მაქვს ერთი მარტივი პასუხი, იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი, იქნება რეფერენდუმი, სადაც თითოეული ჩვენგანი გადავწყვეტთ და საბოლოო განაჩენს გამოვუტანთ, გავისტუმრებთ „ქართულ ოცნებას“. მაგრამ იქამდე მოგვიწევს ერთობლივი ბრძოლა და ერთობლივი შრომა. ჩემთვის უდიდესი პატივია, აქ ვიყარო კენჭი და გავხდე თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში ფოთის რჩეული“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავას თქმით, უარი უნდა ითქვას ისეთ თვითმმართველობაზე, ისეთ მერებზე, რომლებსაც საკუთარი ჩრდილისაც ეშინიათ; ისეთ მერებზე, რომლებიც მარტო აპირებენ ემსახურონ ოლიგარქს.
„წარმოუდგენელია, ენით აუწერელია, მე მგონი, ზიმბაბვეშიც ისწავლეს ასფალტის დაგება, რატომ არის ფოთში მეოთხე წელიწადია, უკვე ათხრილი, დათხრილი? შეკითხვა რატომ არ ისმება ამაზე? იმიტომ, რომ არავის არ აინტერესებს. ივანიშვილი აქ არ ჩამოდის. ღარიბაშვილი ჩამოდის და სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე ლაპარაკობს. ლაპარაკობს ათას სიგიჟეს, მაგრამ არასდროს არ აქვს პასუხი იმაზე, რატომ გარბის აქედან ხალხი. ნახევრად ხუმრობით ამბობენ ხოლმე ფოთელები, მე მომისმენია, რომ სამი თუ ოთხი ათეული მილიონერი ჰყავს ფოთს, მაგრამ არც სახელმწიფო და არც ეს ფულიანი ხალხი ამ ფოთში ფულს არ დებს. რატომ? აქ მარტო ფული უნდა აკეთონ და სხვაგან უნდა ხარჯონ? რისთვის არის მერი? იმისთვის, რომ, საჭირო თუ არის, ცენტრალურ ხელისუფლებას უთხრას, დადე ფული იმისათვის, რომ ქალაქი განვითარდეს; დადე ფული იმისათვის, რომ ადამიანები აქ მუშაობდნენ და კიდევ უფრო მეტ დოვლათს ქმნიდნენ. ჩვენ არ გვინდა სახელმწიფო, სადაც მათ შორის მდიდრებს ფულს ართმევენ, ჩვენ არ გვინდა სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება ვინმეს რამეს ართმევს. ჩვენ გვინდა სახელმწიფო, სადაც არასმქონე და გაღარიბებულ ადამიანს გამდიდრების და თვალიდან გამოხედვის შესაძლებლობა აქვს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.