გიგი უგულავა - ბორელი პიკეტებში, ბოიკოტებში მრავალგზის მონაწილეობდა, ახლა ბიუროკრატიული ჟინით ნურავინ დაგვიწყებს სწავლებას, თითქოს ჩვენ აქ მოწაფეები ვართ და არ ვიცით, რისი უფლება გვაქვს და რისი არა
გიგი უგულავა - ბორელი პიკეტებში, ბოიკოტებში მრავალგზის მონაწილეობდა, ახლა ბიუროკრატიული ჟინით ნურავინ დაგვიწყებს სწავლებას, თითქოს ჩვენ აქ მოწაფეები ვართ და არ ვიცით, რისი უფლება გვაქვს და რისი არა

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს დასკვნა დაამახინჯა.

გიგი უგულავა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.

„რაც შეეხება ბრიფინგს, ბატონმა ბორელმა ძალიან თავისუფალი ინტერპრეტაცია მოახდინა, პირდაპირ ვთქვათ, დაამახინჯა ეუთო-ს დასკვნა. ეუთო-ს დასკვნაში ეს ასე არ წერია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნახოს. ასე რომ შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს. ბორელი არ არის მომლაპარაკებელი, არ არის ჩართული მხარეც, ჩართული მხარე არის შარლ მიშელი და მისი წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში, ბორელი საუბრობდა იმ საერთო სურათზე, საერთო წარმოდგენებზე, საერთო ინფორმაციაზე, რაც მას აქვს. ეს ბრიფინგი არ ასახავს იმ თემას, რა თემაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს იყო ბევრად მეტად ასოცირებაზე, უბრალოდ რაღამც მიმდინარე კრიზისს დაემთხვა, ამიტომ ღარიბაშვილსაც და ბორელსაც მოუწიათ საუბარი მიმდინარე კრიზისზე, ოღონდ ნაწილობრივ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, უგულავამ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ტოლობის ნიშნის დასმა კონსტიტუციით, ჯანსაღი აზრის ფარგლებითაც მინიჭებული პროტესტის ფორმების უფლების რეალიზაციასა და იმ უკანონობასთან, რაც მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა.

„მინდა, გამოვეხმაურო ბატონ ბორელსაც, ქალბატონ ფონ კრამონსაც და ა.შ. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და, პირდაპირ ვიტყვი, მიუღებელია, როდესაც კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციით და ჯანსაღი აზრით მონიჭებული პროტესტის ფორმები, პროტესტის გამოხატვის ფორმები, მათ შორის ბოიკოტი, მანიფესტაცია და ასეთი რამ, ტოლობის ნიშანი ისმევა მაგალითად იმასთან, რაც ღარიბაშვილმა გააკეთა, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი რომ შტურმით აიღო და პრაქტიკულად მოლაპარაკების მაგიდიდან ასე მძევლად აიყვანა ნიკა მელია. ვერც ერთი პატივცემული ევროდეპუტატი ამას ვერ დაამტკიცებს და ნამდვილად ეს ასე არ არის. ნამდვილად ვერავისგან, პირდაპირ გეტყვით, მამაზეციერი რომ ჩამოვიდეს, ვერ და არ მივიღებ ტოლობის ნიშნის დასმას კონსტიტუციით, კანონით, ჯანსაღი აზრის ფარგლებითაც მონიჭებული პროტესტის ფორმების უფლების რეალიზაცია დავაყენო იმ მამაძაღლობასთან, იმ სადიზმთან და უკანონობასთან, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დაატრიალა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში.

გარდა ამისა, უგულავას თქმით, ბიოგრაფიის მიხედვით, ჟოზეფ ბორელი პიკეტებში, მანიფესტაციებში და ბოიკოტში მრავალგზის მონაწილეობდა.

გიგი უგულავას განცხადებით, ნურავინ ასწავლით, რა არის ბოიკოტი, რისი უფლება აქვთ და რისი – არა.

„ბატონი ბორელი ესპანეთის სახალხო სოციალისტური პარტიის წევრია, სპეციალურად ვნახე მისი ბიოგრაფია, პიკეტებში, მანიფესტაციებში და ბოიკოტებში მრავალგზის მონაწილეობდა. ასე რომ, ახლა ბიუროკრატიული ჟინით ნუ დაგვიწყებს ნურავინ იმის სწავლებას, თითქოს ჩვენ აქ მოწაფეები ვართ და არ ვიცით, რა ხდება ევროპაში, ან რა არის ბოიკოტი, ან რა წერია ადამიანის უფლებების დეკლარაციაში, ან რა წერია ჩვენს საკუთარ კონსტიტუციაში, რისი უფლება გვაქვს და რისი – არა“, – აღნიშნა უგულავამ.