გიგი უგულავა - ბევრი შეცდომა დამიშვია, ოღონდ არა ის, პროკურორები რასაც დასდევდნენ, 29 წლის ასაკში როცა იბარებ ქვეყნის მთავარ ქალაქს, შეუძლებელია, შეცდომები არ დაუშვა
ცოდნა, რაც მივიღე თბილისში, არ არის მხოლოდ პოზიტიური ცოდნა – ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ ფოთი სწრაფად განვითარდეს და ვიცი, რა არ უნდა გავაკეთო. ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია, ოღონდ არა ის, ეს პროკურორები რომ დასდევდნენ და რაღაც სისულელეები, როცა 29 წლის ასაკში იბარებ ქვეყნის მთავარ ქალაქს, შეუძლებელია, შეცდომები არ დაუშვა, – ამის შესახებ განაცხადა გიგი უგულავამ, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ფოთის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. გიგი უგულავა ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრით იქნება წარმოდგენილი.
გიგი უგულავამ საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა, თუ რა არის მისი მოტივაცია.
„მინდა, ავხსნა ჩემი მოტივაცია. ბევრი მეკითხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებზე. რას აპირებ ან რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, რატომ 5 ნომერი. როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ ჩემთან დაკავშირებით, რომ ფოთში უნდა წამოვსულიყავი, ნიკამ შემომთავაზა, კი, ბატონო, იქნება ნეიტრალური ნომერი აიღოო, რაზეც მე თვითონ ვთქვი უარი. ვთქვი უარი იმიტომ, რომ არ არის დრო ყალბი კეკლუცობის, არ არის დრო კომპლექსების ტირაჟირების, არამედ არის ბრძოლის, ბრძოლის და მხოლოდ ბრძოლის დრო. არ არის დრო, გავარჩიოთ – ის ნომერი მინდა, ეს ნომერი მინდა, სულ ერთია. ის ნომერი უნდა იყოს, რომელიც გამარჯვებას მოიტანს. ის ნომერი უნდა იყოს, რომელიც მოიტანს განვითარებას; ის ნომერი უნდა იყოს, რომელიც დაამარცხებს ოლიგარქიას – იქნება ეს 5 ნომერი, იყოს 5 ნომერი; იქნება ეს სხვა ნომერი, იყოს სხვა ნომერი. მთავარია, რომ ოლიგარქია დამარცხდეს, მთავარია, რომ ფოთი გახდეს ავანგარდში; მთავარია, რომ ფოთიდან ადამიანი არ მიდიოდეს; მთავარია, რომ ფოთში პოულობდეს სამსახურს; მთავარია, რომ აქ პერსპექტივა გაჩნდეს. მე მაქვს იმედი ფოთელების მხარდაჭერის, მაგრამ, მეგობრებო, თითოეულ ფოთელს მინდა, ვუთხრა – თუ თქვენ არ მოხვალთ არჩევნებზე იმ შეგნებით, რომ მოდიხართ რეფერენდუმზე; თუ უბრალოდ გადავწყვეტთ, რომ ეს ჩვეულებრივი ტაბელის გადატრიალებაა ან ჩვენი უბრალოდ მოქალაქეობრივი ვალის მოხდაა, მაშინ ერთი მერცხლით გაზაფხული არ მოვა. ამიტომ მინდა, მარტივად გითხრათ. გამარჯვების ფორმულა არის, შემოხაზეთ ნებისმიერი 41-ის გარდა და შესაბამისად, ჩვენ მოვიგებთ ამ რეფერენდუმს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.