გიგი უგულავა აცხადებს, რომ შსს-მ უარი უთხრა დოკუმენტზე, რომელიც აუცილებელია მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის
გიგი უგულავა აცხადებს, რომ შსს-მ უარი უთხრა დოკუმენტზე, რომელიც აუცილებელია მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ფოთში, გიგი უგულავა აცხადებს, რომ შსს-მ უარი უთხრა დოკუმენტზე, რომელიც უფლებამოსილს ხდის, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და აუცილებელია მერობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის.

როგორც უგულავა ამბობს, აღნიშნული დოკუმენტი შარშან პრობლემის გარეშე აიღო. გიგი უგულავა სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს.

„არსებობს სტანდარტული პროცედურა, შსს გასცემს ცნობას, რომ ამა და ამ ადამიანს არ აქვს შეზღუდული საარჩევნო უფლება და აქვს მონაწილეობის მიღების უფლება. ჩვეულებრივად მოვედი, კანონით, დაჩქარებული წესით მოვითხოვე ეს და ახლა მეუბნებიან, ცნობას არ გაძლევთო. აქაურ უფროსს ლაპარაკში წამოცდა 126-ე მუხლი, ეს არის ძიუდოისტის საქმე, რომელიც მიმდინარე საქმეა, არ არის დამთავრებული. ეს დოკუმენტი აღებული მაქვს შარშან, რადგან შარშანაც ვმონაწილეობდი არჩევნებში. შარშანდელის შემდეგ არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მდგომარეობა დამძიმდა, კიდევ უფრო შლეგი და გიჟები გახდნენ და მიდიან ყველაფერზე, რომ ოპოზიციური კანდიდატები არ დარეგისტრირდნენ. მეგობრებო, ეს არის რეფერენდუმი და ვერ გამაჩერებენ. ვიქნები ფოთში და ამ რეფერენდუმს თქვენ წააგებთ, რეგისტრაციას გავივლი თუ – არა.

მივმართავ შსს მინისტრს, მომეცი კი ან არა დოკუმენტი, შემდეგ უკვე წავალ სასამართლოში და ვნახოთ, სასამართლო რას იტყვის. სასამართლოზე მაღალი აზრი ნამდვილად არა მაქვს, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე მივიყვან და გავაშიშვლებ. ფული ბევრი გაქვთ, აღარ გყოფნით, ძალაუფლება ბევრი გაქვთ, იცით, რომ მაინც წააგებთ და ახლა პირდაპირ კანდიდატებს არ აძლევთ რეგისტრაციის უფლებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

აღნიშნულ საკითხზე შსს-ში კომენტარი არ გაუკეთებიათ.