გიგი უგულავა აცხადებს, რომ დღეს საზღვარზე უკანონოდ გააჩერეს და საკითხის შესწავლას სახალხო დამცველს სთხოვს
გიგი უგულავა აცხადებს, რომ დღეს საზღვარზე უკანონოდ გააჩერეს და საკითხის შესწავლას სახალხო დამცველს სთხოვს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, მას საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ.

როგორც უგულავა „ფეისბუქში“ წერს, დღეს საზღვარზე გააჩერეს და განუცხადეს, რომ საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთდა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ არანაირი შეზღუდვა დაწესებული არ აქვს.

უგულავამ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა, რათა ეს საქმე შეისწავლოს.

„შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი – გაწითლებული ხარო. შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისიოპრიჩნიკი პოლიცია.

ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ“, – აცხადებს უგულავა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.