გიგი უგულავა -​ გახარიასგან პრემიერ-მინისტრი დადგებოდა მაშინ, როდესაც კი არ გადადგებოდა, არამედ გადააყენებდა მათ, ვინც უკანონო ბრძანების შესრულებას აპირებდა
გიგი უგულავა -​ გახარიასგან პრემიერ-მინისტრი დადგებოდა მაშინ, როდესაც კი არ გადადგებოდა, არამედ გადააყენებდა მათ, ვინც უკანონო ბრძანების შესრულებას აპირებდა

ფაქტია, რომ ხელისუფლება კრიზისს უყურებს როგორც სირაქლემა, რაც არ უნდა თავი ჩარგოს, კრიზისი მაინც კრიზისად დარჩება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, კრიზისი გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გაღრმავდა.

ამასთან, უგულავას განცხადებით, ოპოზიციის საერთო მოთხოვნაა, ხელისუფლება დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.

„ფაქტია, რომ ხელისუფლება კრიზისს უყურებს როგორც სირაქლემა. სირაქლემა როგორ იყურება კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ რაც არ უნდა თავი ჩარგოს და უკანალი მოუშვიროს საზოგადოებას, როგორც სირაქლემა, კრიზისი მაინც კრიზისად დარჩება. ეს კრიზისი გაღრმავდა მას შემდეგ, რაც გახარია გადადგა. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, დღეს გახარიას ბევრი აქებდა. მიმაჩნია, რომ გახარიასგან პრემიერ-მინისტრი დადგებოდა მაშინ, თვითონ კი არ უნდა გადამდგარიყო, უნდა გადაეყენებინა ისინი, ვინც უკანონო ბრძანების შესრულებას აპირებენ, აპირებდნენ. ვგულისხმობ შს მინისტრს და დანარჩენი, თუ არიან ცხელთავიანები ამ მთავრობაში. ჩვენი გეგმა უცვლელია ან რა გეგმაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც აქ ვართ ოფისში შეკრებილი და ვამბობთ ერთ რამეს, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელოს, გავიდეს ჯანსაღი აზრის ფარგლებიდან, არ ჩააგდოს საერთაშორისო მოწოდებები, ჩვენ უკვე ცალსახად ვხედავთ ხელისუფლების ცალსახა მოწოდებას, არ გამოიყენოს ძალა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ეს არის ოპოზიციის საერთო მოთხოვნა, რომ ჩვენ არ გავსულვართ მოლაპარაკებებიდან, მოლაპარაკებები დატოვა ხელისუფლებამ მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა დაპატიმრებების გზით იაროს, სამწუხაროდ, ხელისუფლების ქცევა ახალი არ არის. ჩვენ გვახსოვს შარშან, როდესაც ანალოგიური მოხდა და მე დამიჭირეს, ამით ჩაშალეს მოლაპარაკებები. ამიტომ ერთსა და იმავე ფოცხს ფეხს აბიჯებს მთავრობა, რაც ნიშნავს, რომ უბრალოდ ჭკუა არ ემატებათ და საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობენ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.