გიგი აბუაშვილი - 21-წლამდელთა ნაკრებში პირველად გავიტანე, ეს დიდი სტიმული და მოტივაციაა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებმა კომენტარი გააკეთეს სტამბოლში თურქეთის 21-წლამდე ნაკრებთან ჩატარებულ შეხვედრაზე, რომელშიც ჩვენი გუნდი 2:1 დამარცხდა, ერთადერთი გოლი კი აბუაშვილმა გაიტანა.
გიგი აბუაშვილი: „ძლიერი მეტოქე გვყავდა და რთული თამაში გამოგვივიდა. თუმცა მოვახერხეთ და მეორე ტაიმში თამაშში მაინც „დავბრუნდით“. გიბრალტართან 26 მარტის ოფიციალური თამაში გვაქვს და ვფიქრობ, ძლიერ მეტოქესთან კარგი მოსამზადებელი მატჩი ჩავატარეთ. რაც შეეხება ჩემს გოლს, 21-წლამდელთა ნაკრებში პირველად გავიტანე, რაც ძალიან დიდ სტიმულს და მოტივაციას მაძლევს, რომ უფრო მეტი გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის“.
ნიკოლოზ უგრეხელიძე: „მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში ჩემი დებიუტი ასეთ რთულ მატჩში შედგა. ძალიან დაძაბული ატმოსფერო იყო. ვეცდები, საქართველოს 21-წლამდელთა გუნდს ოფიციალურ თამაშებშიც დავეხმარო“.
ჩვენი გუნდი შემდეგ მატჩს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით გამართავს – 26 მარტს გიბრალტარში, ქართველი 21-წლამდელები ადგილობრივ ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო მესამეადგილოსან შვედეთს 7 ქულა აქვს.