გიგა ოთხოზორიას დედა - ღმერთმა ქნას, ისეთი ქმედითი იყოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, ვეღარავინ გაბედოს ქართველი ადამიანის მკვლელობა
გიგა ოთხოზორიას დედა - ღმერთმა ქნას, ისეთი ქმედითი იყოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, ვეღარავინ გაბედოს ქართველი ადამიანის მკვლელობა

არ ვიცი, იქნება თუ არა ქმედითი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, მაგრამ, ღმერთმა ქნას, გაერთიანდეს პოზიცია-ოპოზიცია და ისეთი რამ ჩადონ ამ სიაში, იყოს სამართლიანი და ქმედითი, რათა ვეღარავინ გაბედოს ქართველი ადამიანის მკვლელობა, – ამის შესახებ პირველ არხთან საუბრისას ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ განაცხადა.

ჯულიეტა ჭანტურია აცხადებს, რომ სია ქმედითი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მასში შეყვანილი იქნებიან ის ადამიანები, ვინც იმსახურებს დასჯას, მოთხოვნები კი იქნება რეალური.

„ესენი არ არიან მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც უკვე მიესაჯა სასჯელი, გამოტანილია განაჩენი, მარტო კანჯი-ოღლი არა, თუ ამ სიაში არ შევიდა ის სამი პიროვნება, ვინც კანჯი-ოღლის მაშინ ახლდა, ამ სიის შედგენას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს“, – აღნიშნა ჯულიეტა ჭანტურიამ.

მისი თქმით, სიაში უნდა შეიყვანონ ის ადამიანებიც, ვინც ე.წ. მესაზღვრეების დისციპლინაზე არიან პასუხისმგებელნი.

„სიაში უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც ჯერ დაიჭირა და შემდეგ შინაპატიმრობიდანაც კი გაათავისუფლა კანჯი-ოღლი და ამჟამად ის სოხუმში თავისუფლად დადის, მეტიც ხელისგულზე ატარებენ და გმირად მიაჩნიათ ქართველის მკვლელობის გამო“, – განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დღეს ბრიფინგზე წარუდგინა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირია შეყვანილი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. დადგენილების პროექტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე განიხილეს, პარლამენტს გადაეგზავნება.