გიგა ფარულავა – ნებისმიერი სამთავრობო ცვლილება მოქალაქეების კეთილდღეობასა და სახელმწიფო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, ეს ცვლილებები არც ერთ ამ მიზანს არ ემსახურება
ნებისმიერი სამთავრობო ცვლილება მოქალაქეების კეთილდღეობას და სახელმწიფო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ეს ცვლილებები არცერთ ამ მიზანს არ ემსახურება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ საქართველოა პირველ არხს განუცხადა.
ამასთან, როგორც ფარულავა აცხადებს, განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვთ, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უწყებას ეფექტური მართვა ექნება.
„ბიძინა ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებას ვხედავთ. კანონპროექტი დაჩქარებული წესით არის შემოსული, სადაც სახელმწიფო მინისტრისთვის აპარატიც კი არ არის გათვალისწინებული. აპარატის ფუნქციას შეასრულებს მთავრობის ადმინისტრაციის აპარატის სამსახურები. რა უწყებაზე, რა ეფექტურ მმართველობასა და კოორდინაციაზე უნდა იყოს საუბარი? ადამიანს, რომელიც ექვს თვეში გენერლობამდე დააწინაურეს, საღამოს კოორდინატორის ფუნქცია შეუთავსეს და აპარატიც კი არ მისცეს, რომ ნორმალურად იფუნქციონიროს. განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს, რომ მდინარაძის უწყებას ეფექტური მართვა ექნება“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.