გიგა ფარულავა – ჩვენი პარტიის საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრა ხელოვნურია, საზოგადოებად თავად ხვდება, რომ ჩვენ სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ ვართ
„ქართულ ოცნებას გადაწყვეტილება უკვე წინასწარვე აქვს მიღებული და არც საზოგადოებისთვის იქნება გასაკვირი ის შედეგი, რაც პარტიების აკრძალვის ნაწილში დადგება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის „გახარია საქართველოს“ მიმართ დაირღვა საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი და პროცედურული ვადები.
„„ქართულმა ოცნებამ“ როდესაც დაიწყო ეს პროცესი, ვთქვით, რომ ჩვენთვის მიუღებელია, პოლიტიკურ პარტიებს და ოპონენტებს ებრძოლო საკონსტიტუციო აკრძალვის გზით და საკონსტიტუციო მექანიზმებით. დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიების ბედს წყვეტს ხალხის ნება და არა აკრძალვების გზებით მოქმედება.
საკონსტიტუციო სარჩელში ჩვენი მოხვედრა მოულოდნელი არ იყო. ცალსახაა და ეს უკვე პროცესებმაც დაადასტურა, რომ ჩვენი პარტიის ამ სარჩელში მოხვედრა ხელოვნურია. „ქართული ოცნება“ რაც არ უნდა ეცადოს ამ პროცესის საპირისპიროს, საზოგადოება თავად ხვდება, რომ ჩვენ სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ ვართ. პროცესი, განსაკუთრებით ჩვენი დამატების შემდეგ, დაჩქარებულად მიმდინარეობს. ცხადია, მათ გადაწყვეტილება უკვე წინასწარვე აქვთ მიღებული და არც საზოგადოებისთვის იქნება გასაკვირი ის შედეგი, რაც პარტიების აკრძალვის ნაწილში დადგება. ბუნებრივია, სხვა მოლოდინი ამ ეტაპზე არ გვაქვს. ჩვენ მიმართ დარღვეულია საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტიც კი, პროცედურული ვადები. ჩვენ არ მოგვეცა კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადა შესაგებლის წარსადგენად.
პარტიების აკრძალვის შემთხვევაში ჩვენ პარლამენტს დავტოვებთ, სადეპუტატო მანდატებს, რომლებიც ამომრჩეველმა ჩვენს პარტიას, ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს მიანიჭა. როდესაც პოლიტიკური პარტია გაუქმდება, უკვე აღარ გვექნება ის პარტიული შესაძლებლობა და მანდატი, რომ საპარლამენტო მუშაობა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ფარულავამ.