გიგა ჭიკაძე - UFC-ის პრეზიდენტისგან კარგი მესიჯები წამოვიდა, შესაძლოა, ბრძოლებს მალე საქართველომ უმასპინძლოს #1TVSPORT
UFC-ის ბრძოლებს, შესაძლოა, მალე საქართველომ უმასპინძლოს – ამის შესახებ ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ დღეს სასტუმრო „რედისონში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა, სადაც მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. 33 წლის ქართველმა მებრძოლმა 29 აგვისტოს მორიგი გამარჯვება იზეიმა. UFC-ის ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ჭიკაძემ ბრაზილიელი ედსონ ბარბოზა ნოკაუტით დაამარცხა.
UFC-ში დაუმარცხებელმა ქართველმა მებრძოლმა ბრძოლაში ჰავაელი მაქს ჰოლოვეი გამოიწვია და მის პასუხს ელის. პრესკონფერენციაზე გიგამ განაცხადა, რომ 25 სექტემბერს ლას-ვეგასში ქვემსუბუქ წონაში გასამართ საჩემპიონო ბრძოლას დაესწრება, სადაც შესაძლოა, მისი მომავალი მეტოქე გაირკვეს.
„მეამაყება, რომ ქართული დროშით გამოვდივარ და ასეთ დიდ პლატფორმაზე 3,5-მილიონიან ხალხს წარმოვადგენ. ბრაზილიელი ედსონ ბარბოზას დამარცხების შემდეგ ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა. რეიტინგში დავწინაურდი და UFC-ის პრეზიდენტმა 25 სექტემბერს ლას-ვეგასში გასამართ ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ბრძოლაზე დამპატიჟა. დაკვირვებული ვარ, ასეთი მიწვევები შემთხვევით არ ხდება. მაქს ჰოლოვეი გამოვიწვიე, რომელმაც თქვა, რომ გიგამ გამომიწვია, რომელიც ფეხებს კარგად იქნევსო,“ – განაცხადა გიგა ჭიკაძემ.
ქართველი მებრძოლის თქმით, არაა გამორიცხული, ერთ-ერთი ღონისძიება საქართველოში შედგეს.
„UFC-ის პრეზიდენტისგან ბევრი სასიამოვნო მესიჯი მოვისმინე. მათ შორის, ერთ-ერთი ისაა, რომ შესაძლოა, ბრძოლებს საქართველომ უმასპინძლოს. ჩემი დიდი სურვილია, ეს 2022 წელს გაიმართოს. მაგრამ საამისოდ, სპონსორების მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურაა საჭირო, სადაც ასეთი დონის ტურნირისთვის მოემზადები“.
გიგა ჭიკაძე UFC-ში 2019 წლის სექტემბრიდან გამოდის. მას შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა შვიდი ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო, მათ შორის, ბოლო სამი – ვადაზე ადრე დაამთავრა.