გიგა ბუკია - ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, ნარკოტიკების მომხმარებელთა და მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდება
ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია ვარაუდობს, რომ საქართველოში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, როგორც ნარკოტიკების მომხმარებელთა, ასევე მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდება.
როგორც ჟურნალისტებს ბუკიამ განუცხადა, მისი ფრაქცია ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას მხარს არ დაუჭერს, მათ შორის არც ინიცირებულ კანონპროექტს.
დეპუტატის თქმით, მოქალაქეებისთვის ნარკოტიკი ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს.
„მხარს მხოლოდ იმ კანონს დავუჭერ, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას შეამცირებს და ამავე დროს მზად ვართ, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციისთვის ღონისძიებები გავატაროთ. არსებული სახით წარდგენილ კანონპროექტის მხარს არ დავუჭერთ. ჩვენი მიზანია, ნარკომომხმარებელთა რაოდენობა შემცირდეს და ნარკოტიკები ხელმისაწვდომი არ იყოს და არა ის, რომ ნარკომომხმარებლები ციხეში ჩავსვათ. ნარკომომხმარებლების ციხეში ჩასმა გამოსავალი არ არის. ამავე დროს არ გვინდა, ქვეყანას ახალი ნარკომომხმარებელი შეემატოს. სამწუხაროდ, ქვეყანაში ნარკოტიკების პოპულარიზაცია მიმდინარეობს. თუ ნარკოტიკები ხელმისავწდომი იქნება, ის კატეგორია არ იქნება, ვინც იაფფასიან ან სინთეტიკურ ნარკოტიკს მოიხმარს? ეს საუბარი აბსურდულია, რადგან ყველა ნარკოტიკს თავისი მომხმარებელი ჰყავს”, – აცხადებს ბუკია.
კანონმდებელი ფიქრობს, რომ თუ ნარკოტიკი ხელმისაწვდომი იქნება, ქვეყანაში უფრო მეტი მსხვერპლი იქნება.
„აქედან გამომდინარე, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია უნდა მოხდეს. პორტუგალიაში ძალიან მძიმე შედეგებია, განსაკუთრებით 12 წლის განმავლობაში მაშინ, როცა უზარმაზარი ფინანსები იყო ჩადებული იმისათვის, რომ ამ პროგრამას რაიმე ფორმით ემუშავა. პორტუგალიაში ნარკოტიკების მოხმარება ძალიან გაიზარდა. საქართველოშიც ეს საფრთხე არსებობს. საქართველოში მარიხუანის მოხმარება ბოლო სამი წლის განმავლობაში გაიზარდა და ვხედავთ, ოკუპირებულ აფხაზეთში რა ხდება”, – დასძინა ბუკიამ.