გიგა ბუკია - ქვეყანაში მარიხუანას ლეგალურად მოყვანის უფლება არც სახელმწიფოს და არც კერძო პირებს არ უნდა ჰქონდეთ
ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარის, გიგა ბუკიას მოსაზრებით, თუ სახელმწიფო კანაფის კულტივირებას დაუშვებს, ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მუხლის გაუქმებას მოსთხოვენ, რომლის მიხედვით, პირადი მოხმარებისთვის კანაფის კულტივაცია აკრძალულია.
პირველ არხთან საუბარში გიგა ბუკია აცხადებს, რომ „კონსერვატორები“ საკანონმდებლო პაკეტის იმ ნაწილს არ ეთანხმებიან, რომლის მიხედვით, საქართველოში შესაძლოა, კანაფის პროდუქტების წარმოება და ექსპორტზე გატანა შესაძლებელი გახდეს.
გიგა ბუკია მთავარ საფრთხეებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხედავს.
„შეიძლება, კანონპროექტით, კანაფი შიდა მოხმარებაში არ გავიდეს და პირობები დაცული იყოს, მაგრამ დიდ საფრთხეს საკონსტიტუციო სასამართლოში ვხედავ. საკონსტიტუციო სასამართლომ არასწორი და ალოგიკური გადაწყვეტილებები მიიღო და თუ სახელმწიფო კულტივირებას დაუშვებს, ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ და იმ მუხლის გაუქმებას მოითხოვენ, რომლითაც პირადი მოხმარებისთვის კანაფის კულტივაცია დაშვებული არ არის. არგუმენტი გაჩნდება იმის, რომ თუ სახელმწიფოს შეუძლია, კანაფის კულტივირება სამკურნალოდ და სხვა მიზნებისთვის კულტივირება მოახდინოს, მაშინ ეს იმ ადამიანებს რატომ არ უნდა შეეძლოთ, რომელთათვისაც მარიხუანას მოხმარება ნებადართული სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არის. დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და მაშინ ქვეყანაში უკონტროლო პლანტაციები გაჩნდება. ადამიანები საკუთარი მოხმარების მიზნით კულტივირებას დაიწყებენ“, – აცხადებს ბუკია.
„კონსერვატორების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კანონმდებლებმა საკონსტიტუციო სასამართლოს ის არგუმენტი არ უნდა მისცენ, რომ კანაფის კულტივირების უფლება სახელმწიფოს ჰქონდეს.
„იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ნებართვა არ ექნება კულტივირება მოახდინოს, არც ერთ მომჩივანს არგუმენტი არ ექნება, რომ კულტივირება პირადი მიზნით მოითხოვოს. ქვეყანაში მარიხუანას ლეგალურად მოყვანის უფლება არც სახელმწიფოს და არც ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ. „კონსერვატორები“ სახელმწიფოს მხრიდან კულტივაციას მხარს არ დავუჭერთ“, – აღნიშნა ბუკიამ.
საქართველოს მთავრობამ მარიხუანას მოხმარებასთან, ასევე კანაფის პროდუქტების წარმოებასთან და ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა.