გიგა ბოკერია - სანამ შიგნით ვსაუბრობდით, გარეთ რაღაც ქარიშხალი დაუყენებია ქალაქის მერად წოდებულ კალაძეს
გიგა ბოკერია - სანამ შიგნით ვსაუბრობდით, გარეთ რაღაც ქარიშხალი დაუყენებია ქალაქის მერად წოდებულ კალაძეს

ოპოზიციური პარტიების პოზიცია აბსოლუტურად უცვლელია: ახალი არჩევნები და ამ ქოლგის ქვეშ ის ცვლილებები, რაც ჩვენ გვაქვს დაყენებული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიგა ბოკერია ასევე გამოეხმაურა თბილისის მერის, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას, რომ ოპოზიციურ პარტიებში აზრთა სხვადასხვაობაა და იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება.

ბოკერიას თქმით, ტაქტიკურ საკითხებზე ოპოზიციურ პარტიებში განსხვავებული პოზიციები არის, თუმცა პარტიების პოზიცია ძირითად საკითხებზე უცვლელია.

„ტაქტიკური კი, ოღონდ პოზიცია მე გავიგე, სანამ შიგნით ვსაუბრობდით, გარეთ რაღაც ქარიშხალი დაუყენებია ამ ქალაქის მერად წოდებულ კლოუნს, ბატონ კალაძეს. ოპოზიციური პარტიების პოზიცია აბსოლუტურად უცვლელია: ახალი არჩევნები და ამ ქოლგის ქვეშ ის ცვლილებები, რაც ჩვენ გვაქვს დაყენებული. ეს არის საარჩევნო რეგულაციები, ცესკო და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. ანუ ამ საკითხში არანაირი ცვლილება არ ყოფილა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, დაემატა თუ არა გარკვეული საკითხები ოპოზიციის მოთხოვნების ჩამონათვალს, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ დაემატა, თუმცა დეტალებზე დაწვრილებით ვერ ისაუბრებს.

„მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ოღონდ ზედმეტი დეტალების გასაჯაროების გარეშე, თვითონ როგორი უნდა იყოს იმ ტიპის რეგულაციები, რომლებიც არსებითად ამცირებს რისკს მანიპულაციების, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდინა ამ არჩევნებზე. ამაზე ყოველთვის იყო ხოლმე დისკუსიები. მაგალითად, საარჩევნო არბიტრაჟი როგორი უნდა იყოს და აი, ამ ტიპის, მომავლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. იმ მომენტში, რა მომენტშიც ივანიშვილის რეჟიმი ან პერსონალურად ივანიშვილი და მისი გარემოცვა დათანხმდება კრიზისიდან არსებით გამოსავალზე, რაც მდგომარეობს ახალ არჩევნებში შემდეგ წელს, ვადამდელ არჩევნებში. ეს ყველა საკითხი ავტომატურად ძალიან აქტუალური იქნება, ამიტომ ამ საკითხებზე ჩვენ ახლავე ვმუშაობთ და ეს საკითხები აუცილებლად ცალკე მოლაპარაკების საგანია“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, უფრო ხომ არ გაართულებს და გაწელავს აღნიშნული საკითხები მოლაპარაკებების პროცესს, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ არ გაართულებს, რადგან არსებითი საკითხია ვადამდელი არჩევნები.

„არა, აქ არსებითი საკითხი არის, რომელ მომენტში მოვა გონს თვითონ ივანიშვილი, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც გვაქვს დღეს ქვეყანაში და რაც მოელის მას, მისი პოლიტიკის შედეგად, რომ კრიზისიდან გამოსავალი უნდა იპოვოს ვადამდელ არჩევნებში. აი, რა მომენტშიც ამ საკითხის გააზრებამდე მივა, იმ მომენტში ყველა სხვა თემა მოლაპარაკებების აქტუალური საკითხი იქნება, მაგრამ გარდატეხის ნაწილი არის ეგ საკითხი“, – დასძინა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები არ შეცვლილა.

„არა არა, იყო სპეკულაციები რომ ეს ამ საკითხში მოხდა ცვლილება, არანაირი ცვლილება არ მომხდარა. არაფერი არ გამოკლებია, არც დამატება. არ არის ეს. არც დასუსტება, სად ამოიკითხეთ დასუსტება. ჩვენ რაც ვთქვით საჯაროდ, რაც არავისთვის საიდუმლო არ არის, ხომ, ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც კომპრომისზე ხელახალი არჩევნების ნაცვლად, პოლიტპატიმრების განთავისუფლება, დევნის შეწყვეტა და ამ სისტემის რეფორმირება, რაც გულისხმობს ცესკო-ს რეგულაციებს კარუსელის წინააღმდეგ, ჩაყრის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ გაწერილი გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. ზოგჯერ ეშმაკი დეტალებში არის ხოლმე და ამ საკითხებზე დისკუსია ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ცესკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნება არაფერს შეცვლის.

​„გილოცავთ ყველას ამ შედეგებს წინასწარ. არაფერს არ ცვლის აბსოლუტურად“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, გაიმართება თუ არა დიპლომატებთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა ხვალ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ შეხვედრის შესახებ მედიას ეცნობება.

„ეგ ყოველთვის შესაძლებელი არის, ჩვენ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ყველას. თუ კი ივარაუდებთ, რაღაც მომენტში ოპოზიციის ერთობლივ კომუნიკაციას დიპლომატიურ კორპუსთან, როგორც კი იქნება რაიმე შეხვედრა ჩანიშნული, მედიას აუცილებლად გაგაგებინებთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.