გიგა ბოკერია - ოპოზიციის წარმომადგენლებს გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს გეგმებზე, მესამე რაუნდზე ჯერ არანაირი მონაცემები არ გაგვაჩნია
გიგა ბოკერია - ოპოზიციის წარმომადგენლებს გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს გეგმებზე, მესამე რაუნდზე ჯერ არანაირი მონაცემები არ გაგვაჩნია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები პრაქტიკულად ყოველდღიურად მართავენ შეხვედრებს და მიმდინარე საკითხებზე მსჯელობენ.

ბოკერიას თქმით, მათ შორის საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით, რომელსაც, მისი განმარტებით, ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს.

„ჩვენ გვაქვს რუტინულად შეხვედრები, სულ ვხვდებით ერთმანეთს, პრაქტიკულად ყოველ დღე და აზრებს ვუცვლით ერთმანეთს მიმდინარე ამბებზე, მათ შორის იმ საკითხზე, რომ აშკარაა, ამ ინსტრუმენტის გამოყენებას აგრძელებს ეს სამარცხვინო რეჟიმი, ვგულისხმობ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და, ბუნებრივია, უნდა იცოდეს ყველამ, საზოგადოებამ, რომ პოლიტიკური სპექტრი არის მზად, ეს დარტყმა მიიღოს, თუ ამ რისკზე მიდის ივანიშვილის რეჟიმი და ნებისმიერი რეპრესიული ნაბიჯი დააჩქარებს ამ რეჟიმის აღსასრულს.

სამწუხაროდ, ყოველდღე ივანიშვილის რეჟიმი ისე იქცევა, ამ პოლიტიკური დევნის ჩათვლით, რომ არის დამატებითი საფრთხე ქვეყნისთვის და არა პოლიტიკოსებისთვის, ოპოზიციისთვის, მთლიანად ყველა მოქალაქისთვის. ამიტომ, ბუნებრივია, ინტენსიური კომუნიკაციაა ჩვენს გეგმებზე, ამას თუ დასჭირდა მეტი დრო, ვიდრე ჩვენ გვსურდა, ეს აუცილებელია და ამას ვაკეთებთ ყოველდღე. მესამე რაუნდზე ჯერ არანაირი მონაცემები არ გვაქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.