გიგა ბოკერია - ოპოზიციის ნაცვლად ვერ გეტყვით, მაგრამ როცა იმის აღიარება მოხდება, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, მზად ვართ მოლაპარაკებისთვის
გიგა ბოკერია - ოპოზიციის ნაცვლად ვერ გეტყვით, მაგრამ როცა იმის აღიარება მოხდება, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, მზად ვართ მოლაპარაკებისთვის

ოპოზიციის ნაცვლად ვერ გეტყვით, მაგრამ იმ საწყისი წერტილიდან, რომ ეს არჩევნები არ გამოხატავს ნებას და არ არის ლეგიტიმური, როცა ამის აღიარება მოხდება, რა თქმა უნდა, მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას.

გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ „საქართველოს მოქალაქეების მიერ ცხრა პარტიისთვის მანდატის მინიჭება იყო დავალება, რომ 24 საათი ვიშრომოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და არა ქუჩის აქციების მოსაწყობად“.

„იქვე ითქვა, რომ თურმე ერთი თვეა, სახელმწიფო გადატრიალებაზე გამოძიება მიმდინარეობს, ოღონდ აქამდე არ ეუბნებოდნენ საზოგადოებას და ახლა უკვე მერამდენედ, მგონი მეხუთე თუ მეექვსეა, ეგეც „ზაზუნას დღის“ ამბავია, თურმე ეს გამოძიებაა და თან იქვე არის განცხადება, რომ კრიმინალური ოპოზიციაა და საერთოდ არ გვაინტერესებს. ეს არის ტიპური მაგალითი ნიაღვრის, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგოა. აზრი არ აქვს, უბრალოდ, ეს არის რაღაც პიარისთვის ქვეყნის გარეთ, რომ თქვეს, რომ რაღაც დიალოგი უნდათ, სინამდვილეში ქვეყნის შიგნით მხოლოდ მტრობისა და სიძულვილის თესვით იყვნენ დაკავებული, მთელი მათი პროპაგანდა იყო მთელი ეს პერიოდი.

მე სულ ვიხსენებ ხოლმე, კარგი ფილმი იყო ჩემს ახალგაზრდობაში „მარსი გვიტევს“, მარსიანელები, უცხოპლანეტელები ჩამოდიან და მეგაფონით ყვირიან, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და თან ხოცავენ ხალხს, ამ ტიპის განცხადებაა ეს.

ჩვენ მზად ვართ, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ოღონდ მანამდე, შეიცვალოს ის საკვანძო ინსტრუმენტები, რომელმაც განაპირობა პოლიტიკური ნების შემდეგ, რომ ეს სამარცხვინო შედეგები დამდგარიყო, რისთვის არის მზად ივანიშვილის რეჟიმი, ეს გამოჩნდება. შეიძლება, მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე ჩვენ გვსურს, მშვიდობიანი პროტესტით, რომ ვაიძულოთ პატივი სცენ ჩვენი მოქალაქეების ნებას, მაგრამ აქ ჩვენი ნება ურყევია.

მე ოპოზიციის ნაცვლად ვერ გეტყვით, მაგრამ ხელახალი არჩევნებისთვის, რომ ეს არჩევნები არ გამოხატავს ნებას და არ არის ლეგიტიმური ამ საწყისი წერტილის შემდეგ, როცა მისი აღიარება მოხდება, რა თქმა უნდა, მზად ვართ მოლაპარაკებისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი საქართველოს მთავრობის მეთაურის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ „სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია და ქუჩური, ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით“.

ბოკერიას თქმით, პრემიერი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.

„ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, თან ვითომ დიალოგისთვის მზად არის, თან გამოძიება მიდის სახელმწიფო გადატრიალების მუხლით. გახარია ხომ რეალურად არ წარმოადგენს ძალაუფლებას, ივანიშვილი როცა უნდა თავის სხვადასხვა პოლიტიკურ კლოუნებს სხვადასხვა რაღაცებს ათქმევინებს ხოლმე. იქვე ხომ მთელი ნიაღვარია, რომ ძალიანაც კარგია, რომ არ შემოდიან პარლამენტში. თავისთავად, თუ ვინმეს სერიოზულად უნდა ამის თქმა, რომ ეს არანორმალური ვითარება, რომ მთელი სპექტრი უარს ამბობს ლეგიტიმურობის ცნობაზე, მთავრობას ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს, კითხვაც რომ არ უჩნდება, რომ როგორ შეიძლება, ასეთ შედეგამდე მიხვიდე, ესეც ერთ-ერთი მანიშნებელია, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ბოკერიამ.