გიგა ბოკერია  - ოპოზიციის ამოცანაა, ქვეყანას ააცილოს ავტორიტარიზმის შემდეგ ფაზაში გადასვლა
გიგა ბოკერია  - ოპოზიციის ამოცანაა, ქვეყანას ააცილოს ავტორიტარიზმის შემდეგ ფაზაში გადასვლა

ოპოზიციის ამოცანაა, რომ ქვეყანას ააცილოს ავტორიტარიზმის შემდეგ ფაზაში გადასვლა, რაც ყველა მოქალაქისთვის არის კატასტროფული შედეგების მომტანი, მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის უდიდესი ნაწილის ერთიანი პოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.

„დიქტატურისკენ სვლა არის ყველაზე დიდი საფრთხე და ასევე, ოპოზიციის ამოცანაა, თავიდან ააცილოს ბრაზიანი რეაქცია საზოგადოების, გნებავთ მშვიდობიანი რევოლუციით, გნებავთ არამშვიდობიანით. ორი ამოცანა გვაქვს. კიდევ უფრო დიდი კატასტროფაა, შეუდარებლად. ამიტომ არის ერთიანი პოზიცია უდიდესი ნაწილის, სწორედ ვადამდელი, ნორმალური არჩევნების ჩატარება და სწორედ ამის გარშემო არის გაერთიანებული.

აქციები სხვადასხვანაირი არსებობს. ზოგადად, საზოგადოების რეაქცია, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით და უკვე ამის შემდეგ მნიშვნელოვანი პოზიცია თავისუფალი სამყაროსი იქნება ის პოზიცია, რისი გამოყენებითაც ჩვენ ქვეყანას უნდა ავაცილოთ ეს შარი, ეს არის ჩვენი ამოცანა.

აქციები არც შეწყვეტილა ხომ აქტივისტების მხრიდან. სხვადასხვა ინტენსივობით, მაგრამ განგრძობითად იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის პოლიტიკური პარტიების რეაქცია ამაზე და ყველა ლეგიტიმური ინსტრუმენტის გამოყენება მოხდება, რათა ქვეყანას მეტი ზიანი ავაცილოთ, ვიდრე უკვე მიაყენა ივანიშვილის რეჟიმმა და ეს ზიანი დიდია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.