გიგა ბოკერია - დიპლომატები როცა ცდებიან ან ძალიან ცდებიან, ეს მათ წინააღმდეგ კამპანიის წარმოებისთვის საფუძველს არ გვაძლევს, ცნობილი გამონათქვამი რომ გამოვიყენო, ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლო
გიგა ბოკერია - დიპლომატები როცა ცდებიან ან ძალიან ცდებიან, ეს მათ წინააღმდეგ კამპანიის წარმოებისთვის საფუძველს არ გვაძლევს, ცნობილი გამონათქვამი რომ გამოვიყენო, ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლო

მაშინაც კი, როცა დიპლომატები ცდებიან ან ძალიან ცდებიან, ეს მათ წინააღმდეგ რაღაც კამპანიის წარმოებისთვის საფუძველს არ გვაძლევს, ცნობილი გამონათქვამი რომ გამოვიყენო, ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, მისთვის და მისი პოლიტიკური გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის რიტორიკა, რაც დიპლომატებთან მიმართებაში ისმის.

„მინდა, გამოვეხმაურო მედიის ნაწილში დაწყებულ კრიტიკას ზოგიერთ დიპლომატთან დაკავშირებით. კერძოდ, ნიკა გვარამიას მინდა, გამოვეხმაურო. ნიკა გვარამია არის დიდი ხანია სამიზნე ივანიშვილის რეჟიმის, მათ შორის სამარცხვინო ფორმებით. ეს კარგად გვესმის ყველას. მიუხედავად ამისა, ჩემთვის პირადად და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ის რიტორიკა, რაც გვესმის არამარტო ნიკასგან, არამედ სხვებისგან დიპლომატებთან მიმართებაში. მიუღებელია როგორც პრინციპულად, ისე პრაგმატულად. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების წარმომადგენელი დიპლომატები არიან საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და მაშინაც კი, როცა ისინი ცდებიან ან ძალიან ცდებიან, ზოგიერთ დიპლომატს გამოსავლად შეიძლება მიაჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის ოპოზიციის შესვლა პარლამენტში, ეს არანაირ საფუძველს არ გვაძლევს არც პრინციპულად, არც მორალურად, არც პრაგმატულად, რომ რაღაც კამპანია ვაწარმოოთ მათ წინააღმდეგ. ცნობილი, გაცვეთილი გამონათქვამი რომ გამოვიყენო – ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლო.

ნიკა გვარამია არის მსხვერპლი სამარცხვინო და ამაზრზენი რეპრესიების. მიუხედავად ამისა, ეს სერიოზული შეცდომაა“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საქართველოში აკრედიტებულ ელჩებზე უარყოფით კონტექსტში საუბრობს. გვარამია აცხადებს, რომ „ეს ხელისუფლება დაემხობა აუცილებლად და ეს ელჩები ბოდიშს მოიხდიან ანტიქართული ქცევის გამო“. ამასთან, ნიკა გვარამიას თქმით, „პერიოდულად, ზურგში დანას იღებს ელჩი დეგნანისგან, რომლის მოადგილეც ეუბნება, რომ გიორგი რურუა არის შეიარაღებული ბანდის მეთაური“.

გვარამიას განცხადებით, „თუ რამეა დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი, არის ჰარცელისა და დეგნანის ქცევა, რომლებიც ტყვეებით ვაჭრობაში მონაწილეობენ და „ქართული ოცნების“ ინტერესების დაკმაყოფილებაში ცვლიან ტყვეებს“.

ასევე, ნიკა გვარამია ამბობს, რომ „ვინ ეკითხება კელი დეგნანს, მიხეილ სააკაშვილი სად დაინიშნება, ლაპარაკია მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც პირდაპირ ხაზზე იყო ამერიკის პრეზიდენტთან, როგორც თანასწორთან“.