გიგა ბოკერია - ხალხი, ვინც სიტყვას არასდროს იცავს, ჩვენ გვდებს ბრალს შეთქმულების თეორიაში  
გიგა ბოკერია - ხალხი, ვინც სიტყვას არასდროს იცავს, ჩვენ გვდებს ბრალს შეთქმულების თეორიაში  

„ევროპულმა საქართველომ“ ოპოზიციური პარტიებისადმი შეთავაზებაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, აუცილებელია, პოლიტიკურმა ძალებმა დააფიქსირონ, შეუქმნიან თუ არა კოალიციას „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ.

მისი თქმით, მოულოდნელი და სამწუხარო აღმოჩნდა ზოგიერთი პარტიის პოზიცია, თუმცა ბოკერიას შეფასებით, აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზანი შესრულდა და გამოჩნდა, ვინ გეგმავს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას.

„ამომრჩევლებმა უნდა იცოდნენ, ვინ რას აპირებს ამ ფუნდამენტურ საკითხზე. მოვისმინე ჩვენი კრიტიკა რაც ნორმალურია. მოვისმინე ტალახის სროლა, მათ შორის სამწუხაროდ „ძალა ერთობაშია“კოალიციის წარმომადგენლებისგან და დღეს ალეკო ელისაშვილი ბინძურად დასხმია თავს გიგი უგულავას. მესმის, არის ხალხი, ვისაც პოლიტიკური სიძულვილი თვალს უბნელებს, მაგრამ ამოცანა არის, რომ ამომრჩევლებმა იცოდნენ, ვინ რას აპირებს ამ საკითხზე. ეს არის ამომრჩევლის ინფორმირება. ვწუხვარ, რომ არცთუ ისე მსხვილ, მაგრამ გამორჩეულად ჯგუფს „გირჩს“ აქვს პოზიცია, რაც აქვს. ეს მათი უფლებაა, მაგრამ ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ როცა ხმას აძლევს ელისაშვილს ან „გირჩს“, ეს ხმა შეიძლება, აღმოჩნდეს ივანიშვილის კალათაში. არ მესმის, რატომ მიიღო ეს ვიღაცამ თავდასხმად ამ ეტაპზე. თავდასხმას დავიწყებ მერე, როცა ამომრჩეველს დაველაპარაკებით, რატომ არ ღირს ხმის მიცემა არა თუ ივანიშვილისთვის, პრორუსული ძალებისთვის ან ბურჯანაძისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც ამ საკითხზე ამომრჩეველს არ ჰპირდება, რომ ქვეყანას უფსკრულში არ გადაჩეხავს ივანიშვილის მეთაურობით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დეპუტატის  თქმით, „ევროპული საქართველო“ თავის სიტყვას ყოველთვის იცავს და საპრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურში არა მხოლოდ რიტორიკულად, არამედ საქმით დაუჭირა მხარი გრიგოლ ვაშაძეს.

„ეს არის მეთოდი „ასავალ-დასავალის“, „ქართული ოცნების“, „პატრიოტთა ალიანსის“, რომ უბრალოდ ტალახს გესვრიან, სრულ სისულელეს, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს. „ევროპული საქართველო“ თავის სიტყვას ყოველთვის იცავს. გვქონდა მეორე ტური არჩევნების და არა მარტო რიტორიკულად, საქმით დავუჭირეთ მხარი გრიგოლ ვაშაძეს, არა იმიტომ, რომ მოგწონს-ძალიან არ მოგწონს გრიგოლ ვაშაძის შეხედულებები, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური პოზიციები, მაგრამ როდესაც რაღაცას ვიტყვით, რადგან ეს მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნისთვის სწორ პოზიციად, რომ სალომე ზურაბიშვილთან შედარებით ყველა არჩევანი იყო უკეთესი, ის სიტყვა დავიცავით. ხალხი, ვინც სიტყვას არ იცავს არასდროს, ჩვენ გვდებს ბრალს შეთქმულების თეორიაში“, – განაცხადა ბოკერიამ.