გიგა ბოკერია - დიდი იმედგაცრუებაა, რომ ჩვენ მიერ ნომინირებული ადამიანი აჭარის მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხზე მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებს
გიგა ბოკერია - დიდი იმედგაცრუებაა, რომ ჩვენ მიერ ნომინირებული ადამიანი აჭარის მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხზე მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებს

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საღად მოაზროვნე ყველა ადამიანის მიერ დირექტორის იმპიჩმენტთან დაკავშირებით პოზიცია დაფიქსირდეს.

ბოკერიას თქმით, სამწუხაროა, რომ „ევროპული საქართველოს“კვოტით არჩეული მრჩეველთა საბჭოს წევრი თამარ წილოსანი ამ საკითხზე მკაფიო აზრს არ გამოხატავს.

„ჩვენდა სამწუხაროდ, საბჭოში ჩვენ მიერ ნომინირებული ადამიანი დღემდე არ აფიქსირებს პოზიციას ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვესმის, რომ ის დამოუკიდებელია და ვერავინ ვერ დააძალებს მას, ქალბატონ წილოსანს, იმას, რომ ჰქონდეს ისეთივე პოზიცია, რა პოზიციაც აქვს იმ პარტიას, რომელმაც მისი ნომინაცია მოახდინა, მაგრამ ჩვენ ვართ თავისუფლები ამ მაუწყებლის ბორდის წევრების შეფასებაში. ჩვენთვის დიდი იმედგაცრუებაა და ძალიან დასანანია, რომ ჩვენ მიერ ნომინირებული, ამდენი ხანი არ აფიქსირებს მკაფიო პოზიციას იმ საკითხზე, რომელიც არის ცენტრალური საკითხი ამ კონტექსტში.

ეს არის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი. სხვა საკითხია, მოხერხდება თუ არა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჯანმრთელი შეხედულების მოქალაქისგან ეს პოზიცია იყოს დაფიქსირებული, მით უმეტეს, როცა ბორდის წევრი ხარ და აქამდე მივიდა საქმე. პოზიციის დაფიქსირების რაიმე ფორმით გაწელვა, ჩვენთვის არის მიუღებელი და ჩვენგან ძალიან მკაცრ შეფასებას იმსახურებს“,- განაცხადა ბოკერიამ.

თავად თამარ წილოსანს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.