გიგა ბოკერია – არაფერია მოულოდნელი, რომ თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს აინტერესებთ, რა ხდება ჩვენი ქვეყნის შიგნით

12:50, 20.10.2026

არაფერია მოულოდნელი, რომ თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს აინტერესებთ, რა ხდება ჩვენი ქვეყანაში, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აცხადებს, რომ მოქმედებს თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ და კრძალავს პოლიტიკურ არჩევანს მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, რა მოუვა რომელიმე პარტიას, არამედ რისთვის აკეთებს ამას ივანიშვილის რეჟიმი, რატომ ზღუდვას მოქალაქეების არჩევანს, რატომ ავლენს უნდობლობას ყველას მიმართ.

„რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ. ამიტომ, რაც ახლა საქართველოში ხდება, არ არის პოლიტიკური პარტიების საკითხი, ეს არის არჩევანის, უპრეცედენტო უნდობლობის საკითხი იმ რეჟიმის, იმ კაცის და მისი პოლიტიკური არარაობების მხრიდან, რომლებიც ყოველდღე საქართველოს მომავლის ხარჯზე მდიდრდებიან და ინარჩუნებენ ძალაუფლებას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, ამ პროცესში დასავლეთიდან მხარდაჭერას როგორ ხედავთ, იყო თუ არა შეხვედრის თემა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ არასდროს საუბრობს პარტნიორების ნაცვლად.

„თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერას ყოველთვის ვხედავ, როცა ქართული საზოგადოება გადადგამს მყარ ნაბიჯებს საკუთარი ინტერესების, სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის დასაცავად და ეს არის საქართველოს ამოცანა დღეს. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ყველა ჯერზე, მაშინაც, როცა გვინდა მეტი თავისუფალი სამყაროსგან. ჩვენს ეროვნულ ინტერესშია, გვქონდეს სახელმწიფო, რომელიც არ არის ინფილტრირებული მტრების ინფრასტრუქტურით, როგორებიც არიან რუსეთი და აიათოლების ირანი, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს. ჩვენს ინტერესშია სახელმწიფო, სადაც მოქალაქეებს, და არა ერთ ადამიანს აქვს ძალა, იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია, არა მარტო საკუთარი გუნდის წევრებს, არამედ მთელ ქვეყანას ექცეოდეს, როგორც ცუდი პატრონი საკუთარ შინაურ ცხოველებს. ჩვენს ინტერესშია, გვქონდეს რესპუბლიკა, სადაც მოქალაქეებს აქვთ საშუალება, საკუთარი შრომით მოიპოვონ უსაფრთხოება და ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ. ეს არის ჩვენი ამოცანა და თავისუფალი სამყარო არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებოდნენ. ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ: ბადრი ჯაფარიძე („ლელო – ძლიერი საქართველო), ირაკლი ფავლენიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“), გიგა ბოკერია („ფედერალისტები“), ნიკა გვარამია („კოალიცია ცვლილებებისთვის“).

მსგავსი