გიგა ბოკერია – 2012 წელი იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის, ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის წინ წაყვანის ნაცვლად, უდიდესი ნაბიჯი გადადგა უკან
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, საქართველოს, მთლიანად რეგიონისა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების კონტექსტში, მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო, რაც 2012 წელს მოხდა.
„ჩვენთვის, საქართველოს კონტექსტში, ჩვენი რეგიონის, აღმოსავლეთ ევროპის ამ ნაწილის კონტექსტში, პუტინის რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების კონტექსტში, 2012 წელს რაც მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო და ნიშნავდა იმას, რომ პირველ რიგში საზოგადოება, არა ხელისუფლება და პოლიტიკური ძალები მხოლოდ, საზოგადოება მივიდა აქამდე, რომ მოხდა არამარტო მშვიდობიანი, არამედ მთლიანად კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში ხელისუფლების გადაბარება სწრაფად, მეორევე დილას, წაგებული ლიდერის მხრიდან აღიარებითა და მილოცვით, შემდეგ ტრანზიციის ჯგუფების შექმნით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის, მიუხედავად იმისა, ვინ მოიგო.
„კატასტროფულად სამწუხარო ჩვენი ქვეყნისთვის არის ის, რაც ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკური არარაობების გუნდმა გააკეთა შემდეგ, რომ ქვეყანა, წინ წაყვანის ნაცვლად, ამ ფუნდამენტზე დაშენებით, წაიყვანა უკან და დაგვაყენა ისევ იმ საფრთხის წინაშე, კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე, საერთოდ აზრი აქვს თუ არა არჩევნებს ზოგიერთის აზრით. რა თქმა უნდა, აქვს და ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას, მაგრამ ეს კითხვის ნიშანი რომ დააყენა, ეს მოახერხა მან ამ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტის შემდეგ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.