გიდეონ საარი - საფრანგეთსა და კანადას თუ მოუნდებათ პალესტინის სახელმწიფოს დაარსება საკუთარ ტერიტორიაზე, შეუძლიათ, ეს გააკეთონ, ბევრი ადგილი აქვთ, ისრაელში ეს არ მოხდება
გიდეონ საარი - საფრანგეთსა და კანადას თუ მოუნდებათ პალესტინის სახელმწიფოს დაარსება საკუთარ ტერიტორიაზე, შეუძლიათ, ეს გააკეთონ, ბევრი ადგილი აქვთ, ისრაელში ეს არ მოხდება

ისრაელი არ დაუშვებს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა.

ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ პალესტინის სახელმწიფოს დაარსება, „ეს საკუთარ ტერიტორიაზე გააკეთონ“.

„პალესტინის სახელმწიფო ისრაელის გულში ნამდვილად იქნებოდა გამოსავალი მათთვის, ვინც ჩვენს განადგურებას ცდილობს. ამას არ დავუშვებთ. დიდ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი და კანადა, თუ მოუნდებათ პალესტინის სახელმწიფოს დაარსება საკუთარ ტერიტორიაზე, ეს შეუძლიათ, გააკეთონ, ამისთვის ბევრი ადგილი აქვთ, მაგრამ აქ, ისრაელში ეს არ მოხდება“, – განაცხადა გიდეონ საარმა.

ცნობისთვის, პალესტინის სახელმწიფო ამჟამად გაერო-ს წევრ 150 ქვეყანას აქვს აღიარებული, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ესპანეთი და ირლანდია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ წელს, შემოდგომაზე აპირებს, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო. ანალოგიური განზრახვის შესახებ გამოაცხადა კანადამაც. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე არ გამორიცხა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა.