გიდეონ საარი - ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ სრული შეთანხმება, რომელიც ომს დაასრულებს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ისრაელმა მიიღო ამერიკული მხარის წინადადება ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, ისრაელმა მის წინადადებას დადებითი პასუხი გასცა. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ სრული შეთანხმება, რომელიც ომს დაასრულებს კაბინეტის გადაწყვეტილების საფუძველზე. ორი რამ უნდა მოხდეს: პირველი, ჩვენი მძევლები უნდა დაბრუნდნენ; მეორე, „ჰამასმა“ იარაღი უნდა დაყაროს“, – აცხადებს გიდეონ საარი.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელმა მიიღო მისი პირობები და ახლა „ჰამასის“ ჯერია.
„გავაფრთხილე „ჰამასი“ შედეგების შესახებ, თუ შეთანხმებას არ დაეთანხმებიან. ეს არის ჩემი ბოლო გაფრთხილება, მეორე არ იქნება“, – წერს ტრამპი.
ისრაელის მხარის მონაცემებით, ღაზაში ჯერ კიდევ 48 მძევალია, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმისას გაიტაცეს.