გია ვოლსკი - ზუგდიდის აქცია მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება დაპირისპირებოდა ერთმანეთს და სახელმწიფო სტრუქტურებს
გია ვოლსკი - ზუგდიდის აქცია მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება დაპირისპირებოდა ერთმანეთს და სახელმწიფო სტრუქტურებს

ეს არ იყო ჰუმანიტარული აქცია. ეს აქცია მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება დაპირისპირებოდა ერთმანეთს, საზოგადოება, ვისაც ესმის, რომ ასეთი შეკრება არის კანონსაწინააღმდეგო და საფრთხის შემცველი. გარდა ამისა, ეს აქცია მიმართული იყო ასევე იმისკენ, რომ შეკრებილი საზოგადოება დაპირისპირებოდა სახელმწიფო სტრუქტურებს. ეს იყო აქციის მიზანი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მიზანი აშკარად გამოჩნდა, თუნდაც, მიხეილ  სააკაშვილის განცხადებებიდან, რომელიც, ერთი მხრივ, საზოგადოებას მოუწოდებს კონსოლიდაციისკენ, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიმართულებას და ამ იდეას თავად უპირისპირდება კონკრეტული საქმიანობით.

„ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კუთხით უნდა შეაფასოსო საზოგადოებამ ის, რაც ზუგდიდში მოხდა და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობამ“ ზუგდიდში თავის მიზანს ვერ მიაღწია, რადგან საზოგადოება აანალიზებს მიმდინარე პროცესებს.

„როდესაც საზოგადოების დიდი მასა, თუნდაც 200- 300 ადამიანი იკრიბება და აწყობს, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ზედახორას, რასაკვირველია, სამართალდამცავების საქმიანობა საკმაოდ ძნელდება. სწორედ ეს იყო მიზანი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიყვებოდა და თავის მიზანს ვერ მიაღწია იმდენად, რამდენადაც საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და პროცესებს აანალიზებს არ არის ის, რაზედაც მოგვითხრობდა სააკაშვილი თავის ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ კულტურა, თითქოსდა, მან შემოიტანა საქართველოში, აღარ არის ეს დრო. მე ვფიქრობ, პოლიტიკური მკვდრეთიდან აღდგომის ეს მცდელობა არის უზნეო და ამავე დროს უშედეგობისთვის განწირული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი