გია ვოლსკი - ყველამ უნდა იცოდეს, რომ უფლებებიც დაცულია და სახელმწიფოა ერთადერთი, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამის ვითარებაზე კონტროლს ახორციელებს
გია ვოლსკი - ყველამ უნდა იცოდეს, რომ უფლებებიც დაცულია და სახელმწიფოა ერთადერთი, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამის ვითარებაზე კონტროლს ახორციელებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება, ლევან ვასაძის განცხადებები განყენებულად იყოს განხილული.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, „ლგბტ პრაიდის“ დამოკიდებულება საქართველოში საუკუნეების განმავლობაში დადგენილი, შესისხლხორცებული საზოგადოებრივი კონსენსუსის მიმართ აგრესიულია.

„ეს ქმედება, ჩემი აზრით, გარკვეულ პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და არ გამოვრიცხავ, რომ ამას პოლიტიკური შემადგენელი ნაწილიც ჰქონდეს. მით უმეტეს არავითარი უფლებების დარღვევა არ შეიძლება ამის მიზეზი იყოს. ყველას უფლება ძალიან მკაცრადაა დაცული. რაც შეეხება ვერის პარკში ლევან ვასაძის განცხადებას, თუ იგივე არა, გაცილებით უფრო მეტი აგრესია და საფრთხის შემცველია ეს მოქმედებები და მოწოდებები. ვფიქრობ, ნებსით თუ უნებლიეთ, უნისონის თემაც აშკარად იკვეთება და ჩვენი მტრული ძალებისთვის კარგ საკვებ ნიადაგს ქმნის. ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს, ნებისმიერი კონფესია, არასამთავრობო ორგანიზაცია და რაც მთავარია, საზოგადოება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ – უფლებებიც დაცულია და სახელმწიფოა ერთადერთი, რომელიც ქვეყანაში უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამის ვითარებაზე კონტროლს ახორციელებს.

„სხვა ნებისმიერი საკითხი ჩვენი სტაბილურობის საწინააღმდეგოდ მიმართული განცხადებებია, მათ შორის ის განცხადებები, რომელიც ზოგიერთი ტელეეკრანიდან გვესმის სახელმწიფოს მმართველობის ძალადობრივი დამხობის თაობაზე. ძალიან ბევრი საფრთხეა ამ განცხადებებშიც, კონკრეტულ მოქმედებებშიც და ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ამას არ დაუშვებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.