გია ვოლსკი - ცდილობენ, რუსეთის ძალა ამოქმედდეს, სამხრეთკავკასიური შეჯახება მოხდეს, ევროპისკენ მიმართულება შერბილდეს, ეს არის იდეა, ტუსკისა და სხვა ლიდერების განცხადება მხოლოდ ფარდაა
გია ვოლსკი - ცდილობენ, რუსეთის ძალა ამოქმედდეს, სამხრეთკავკასიური შეჯახება მოხდეს, ევროპისკენ მიმართულება შერბილდეს, ეს არის იდეა, ტუსკისა და სხვა ლიდერების განცხადება მხოლოდ ფარდაა

ყველა ცდილობს, რუსეთის ძალა ამოქმედდეს, სამხრეთკავკასიური შეჯახება მოხდეს, რათა ევროპისკენ მიმართულება შერბილდეს, ეს არის იდეა, ტუსკისა და სხვა ლიდერების განცხადება კი მხოლოდ ფარდაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ხანია, მუშავდება ამოცანა, რომ საქართველოში საზოგადოება როგორმე გაიხლიჩოს და პოზიტიური პროცესები არ წარიმართოს.

„არ მგონია, მთელი ინფორმაცია მაკრონის, ტუსკისა და მერცის დონეზე იყოს მიტანილი და ცნობილი. ფაქტია, ამოცანაა და დიდი ხანია მუშავდება, რომ არანაირი დიალოგი არ შედგეს და პოზიტიური პროცესი არ წარიმართოს. 2013 წლიდან მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, რომ საქართველოში საზოგადოება როგორმე გაიხლიჩოს და რადიკალურ ოპოზიციას შესაძლებლობა მიეცეს, თავისი გეგმა განახორციელოს. 2021 წლიდან მოყოლებული რევოლუციის რამდენი მცდელობა იყო? ეს გეგმა არ მოშლილა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი საკითხის დაყენება, რომ საქართველოში სახელმწიფო უწყებები უნდა გაუქმდეს, საერთაშორისო სტრუქტურებმა ხელში უნდა აიღონ მართვა და შემდეგ არჩევნები ჩატარდეს, აბსურდია. ამ ადამიანებს მოლაპარაკებების სურვილი არ გააჩნიათ, მათი მიზანია, როგორმე თავიანთ პატრონებს დაუმტკიცონ, რომ საუკეთესო მარიონეტები არიან იმ ამოცანის შესასრულებლად რასაც ჰქვია რევოლუცია, რუსეთთან დაპირისპირება და საქართველოში რუსეთის დამანგრეველი ძალის გადმოტანა. ეს არის იდეა, რომლის გარშემო რამდენი უტიფარი განცხადება გაკეთდება, იმდენი ჩვენ უნდა შევაფასოთ, რომ არასწორია. უნდა შევხედოთ, ამ განცხადების იქით რა დევს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, პოზიტიური არ არის, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიცია არ არის ჩართული, მაგრამ ესეც გეგმას ექვემდებარება.

„ყველამ იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და საგარეო კურსი არ და ვერ შეიცვლება. ეს მხოლოდ პრინციპის ამბავი არ არის, რაც გაგვაჩნია და მყარად ვდგავართ, ეს არის ეროვნული სტრატეგიის განხორციელება. ქვეყანა დაცული უნდა იყოს, ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, სამხედრო ობიექტები არსებობს ქვეყნის ტერიტორიაზე და ყველა ცდილობს, როგორმე რუსეთის ეს ძალა ამოქმედდეს და აქ სამხრეთკავკასიური შეჯახება მოხდეს, რათა ევროპისკენ მიმართულება შერბილებული იყოს. ეს არის იდეა და ტუსკისა და სხვა ლიდერების განცხადება მხოლოდ ფარდაა, რომლის უკან ძალიან ბოროტი პროცესები მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანა ქვეყნის გამყარება და გადარჩენაა. რასაკვირველია, პოზიტიური არ არის, რომ საქართველოში საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიცია არ არის ჩართული, მაგრამ ესეც გეგმას ექვემდებარება და ამ გეგმას ქედს ვერ მოვუხრით და მართლა ცალ ფეხზე ვერ დავდგებით.

რასაკვირველია, რთული სიტუაციაა და ლიდერების მარგინალიზაცია მოხდა. განსაკუთრებით მათი, ვინც ბოლო პერიოდში მედროშეებად წარმოაყენეს – პაატა ბურჭულაძე ყეყეჩი, სამარცხვინო პიროვნებაა. სალომე ზურაბიშვილმა არათუ თავი ვერ მოაბა ამოცანის შესრულებას, არამედ იმდენად ანტიქართული მუხტით არის წამოწეული, რომ ადვილად გაიშიფრა. ვინც ამ პროცესშია, თავში ერთი ამოცანა აქვს – როგორმე რუსეთის აგრესია იყოს განხორციელებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც აღნიშნულია: „ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“.