გია ვოლსკი - ვიოლა ფონ კრამონის განცხადება დამაფიქრებელია, ეს არის ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოში არსებულ ვითარებაზე
გია ვოლსკი - ვიოლა ფონ კრამონის განცხადება დამაფიქრებელია, ეს არის ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოში არსებულ ვითარებაზე

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, ვიოლა ფონ კრამონის განცხადება, რომ ევროკავშირს არც სურვილი აქვს და არც რესურსი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, დამაფიქრებელია.

მისივე თქმით, ეს არა მხოლოდ ვიოლა ფონ კრამონის, არამედ ევროკავშირის დამოკიდებულებაა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„სააკაშვილის ჩამოსვლა გაცხადებულია, რადგან გარკვეული მობილიზაცია მოახდინოს დესტრუქციული პროცესების განვითარებისთვის და დესტაბილიზაციისთვის. ჩამოვა თუ არა, ეს მეორე საკითხია, მაგრამ არსებობს მეორე ასპექტიც რაც რასაკვირველია, არ შეიძლება, არ აღელვებდეს ევროკავშირს. პირდაპირ არ ითქვა, მაგრამ თუკი დაკავებული იქნება მიხეილ სააკაშვილი, ეს გარკვეულ პრობლემას შეუქმნის ოპოზიციის ჩამოყალიბებას ევროკავშირში. პრაქტიკულად ჩიხურ სიტუაციაში შეიყვანს, რადგან სააკაშვილის მიმართ სტრასბურგსაც საკმაოდ მკაფიო ვერდიქტი აქვს გამოტანილი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც მის ერთ-ერთ სერიოზულ სისხლიან დანაშაულს ეხება. ამ განცხადებების უკან სტროფებს შორისაც უნდა წავიკითხოთ, თუ რა წარმოადგენს ევროპარლამენტარების შეშფოთების მიზეზს.

ვიოლა ფონ კრამონის განცხადება იმის შესახებ, რომ ევროკავშირს არც სურვილი არ აქვს და არც რესურსი, ჩაერიოს საკითხებში, დამაფიქრებელია. ეს მხოლოდ ვიოლა ფონ კრამონის განცხადება არ არის, ეს არის ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების მიზანი არაა, კონკრეტული საქმეები იყოს განხილული. მისი მიზანია, ევროკავშირის თვალში საქართველო წარმოაჩინონ ველურ ქვეყნად, სადაც აზრი არ აქვს არც არანაირ ჩარევას და არც საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ მონაწილეობას. ეს მიზანი შეფარულია და ამ არჩევნების მიღმა იკითხება. უფრო ფართო დიაპაზონი და შეშფოთება იკითხება ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.