გია ვოლსკი - ვიმედოვნებთ, უკრაინამ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით მდგომარეობა გადააფასა, სურვილი გვაქვს, ურთიერთობები მოგვარდეს
სურვილი გვაქვს, ეს ურთიერთობები მოგვარდეს, რატომ არ უნდა გვინდოდეს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორისაც გამოიძებნოს საერთო პოზიციები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც გვაღელვებს?, – პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი იმედოვნებს, რომ უკრაინამ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მდგომარეობა გადააფასა.
„პოლიტიკაში არ არსებობს ასეთი სტანდარტი, რომ ადამიანს ერთხელ უთხრა ის, რასაც იმსახურებს და ამის შემდეგ იქით აღარ გაიხედო, თუ ეს ურთიერთობების დალაგებას მოიტანს. ფაქტია, არსად წასულა ის, რომ ათასობით მოსწავლე, სტუდენტი საქართველოშია, რომელსაც სახელმწიფო ყურადღებას აქცევს. ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შევუერთდით, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ იყო მიღებული. მძლავრი მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ყველა ფორუმში, მაგრამ ამის საპირისპიროდ, ზელენსკი და მისი მაღალჩინოსნები საქართველოში არეულობისკენ მოუწოდებდნენ. მივისწრაფვით და სურვილი გვაქვს, ეს ურთიერთობები მოგვარდეს. რატომ არ უნდა გვინდოდეს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორისაც გამოიძებნოს საერთო პოზიციები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც გვაღელვებს? საკითხებზე საერთო მოსაზრებები თუ გვექნება და საერთო პლატფორმაზე დავდგებით, ჩვენთვის მისაღებია. ზუსტად ეს შეესაბამება პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც მსოფლიოში მომდინარეობს და, ხშირ შემთხვევაში, გაცილებით პრაგმატულია, ვიდრე პროპაგანდისტებს სჩვევიათ, რომ ხალხს წარმოუდგინონ. ზელენსკი იყო თავად, ვინც გამოვიდა და პირდაპირი ეთერით ექსტრემისტების თავყრილობას მიმართა, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა გადავარდნილიყო და რევოლუციური ძალა მოსულიყო. მაღალჩინოსნები სწორედ საქართველოს განიხილავდნენ, როგორც პროქსი ომის შემდეგ პლატფორმას. ეს ხომ ფაქტებია. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ითქვა, რომ ეს არის გეგმები, რომლებიც „დიფ სთეითს“ ახასიათებს. ზელენსკიმ და არახამიამაც თქვეს, რომ ისინი მოლაპარაკებას აპირებდნენ, მაგრამ ეს დაუშალეს. არც ის წასულა არსად, რომ დაწინაურებული ჰყავთ სადისტი დამნაშავე. გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება მოლაპარაკების პროცესში გადადის. იმედი გვაქვს, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით მდგომარეობა გადააფასეს. მივესალმებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება იქნება, თუ პოლიტიკური, რომელიც საქართველოსთვის საფრთხის შემცველი არ იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა საუბარი უკრაინის მხარესთან საქართველოს ელჩის უკრაინაში დაბრუნებაზე, ვოლსკიმ აღნიშნა:
„არ ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით რაზე მიმდინარეობს საუბარი, დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ელჩის საკითხი შესაძლოა, ერთ-ერთი ელემენტი იყოს. მართლა ბომბები ცვიოდა და ჩვენი ელჩი არ გამოსულა, ვაჟკაცურად იდგა და „გამოაპანღურეს“. უკრაინამ აღიარა, რომ ელჩის გამოგდება არასწორი იყო? ჩვენ ბოდიში არავისთან გვაქვს მოსახდელი. ვინმეს თუ ბოდიში აქვს მოსახდელი, თუნდაც ელჩთან დაკავშირებით, ეს უკრაინაა“.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას შორის შეხვედრები 4 მაისს ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართა.
6 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბრის შესახებ. საგარეო უწყების ცნობით, საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს. ამასთან, ანდრეი სიბიგამ მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სიბიგას თქმით, საუბრისას უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე შეთანხმდნენ.