გია ვოლსკი - ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შეხვიდე კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“
გია ვოლსკი - ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შეხვიდე კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“

ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შეხვიდე კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ამაში ორივე ჯგუფს ვგულისხმობ. ასევე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ „პატრიოტთა ალიანსიც“ არ მესახება იმ პარტიად, ვისთანაც კოალიციაში შევალთ, რადგან რა ნიშის დაკავებასაც ეს პარტია ცდილობს, ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი არ არის. რუსეთთან დიალოგის ის ფორმატი, რასაც „პატრიოტთა ალიანსი“ გვთავაზობს, პრაგმატული და ჩამოყალიბებული არ არის. ამ ჩვენს ოპონენტებს, გინდ აქეთა მხრიდან და გინდ მეორე მხრიდან, ერთი ძალიან ცუდი რამ ახასიათებთ – ოღონდ რაღაც ნიშა დაიკავონ, ოღონდ თავიანთი პოლიტიკური პროგრამა კეკლუცურად წარადგინონ და სხვა არაფერი უნდათ. კოალიციაში იმასთან შევალთ, ვისაც დავინახავთ, რომ აქვს სურვილი, სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ვისთან არ შევა „ქართული ოცნება“ კოალიციაში 2020 წლის პარლამენტში.

მისი თქმით, საზოგადოებამ რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას უნდა გადახედოს და გადაწყვიტოს, შექმნილ ვითარებაში ვინ სჭირდება.

„საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, დღეს, პოლიტიკურ ავანსცენაზე არსებული პარტიები არიან კი მზადყოფნაში, რომ სტაბილურობაზე პასუხისმგებლობა აიღონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ არის საჭირო ნულოვანი ბარიერი. 

„იქნებ, გამოჩნდეს პარტია, რომელიც გუშინდელი დღის მიუხედავად, ხვალ უფრო პრაგმატული, დახვეწილი იქნება; ღმერთის და ხალხის წინაშე სუფთა გულით მოვა და არ დაიწყებს პოლიტიკურ თამაშს, რასაც სავარძლისადმი სწრაფვა ჰქვია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსის, ბაქარ ბერეკაშვილის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, საქართველოში პროპორციულმა სისტემამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გააჭიანუროს და მთავრობის მუშაობა არასტაბილური გახადოს, რადგან გარკვეული პოლიტიკური აქტორების მიმართ სკეპტიკური განწყობები არსებობს, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ასეთი სიტუაცია უკვე შეიქმნა და საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, ეს რის გამო მოხდა.

„აქედან, ჩვენ ძალიან სერიოზული ეკონომიკური დარტყმა მივიღეთ. ნუთუ, ვინმე უშვებს, რომ გავრილოვის თემა განაპირობებს საქართველოს საგარეო პოლიტიკას?! რომ ამბობდნენ, აჰა, გამოგიჭირეთ და ვინაიდან თქვენ პრორუსულ პოლიტიკას ატარებთ, ახლა, უნდა მოვცვივდეთო, ეს ხომ ტყუილია?! ხომ ყველამ იცის, რომ ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის განმაპირობებელი არ არის?! მოუსმინეთ, კონგრესი რა გადაწყვეტილებებს იღებს, ან ახლა რას ლაპარაკობენ ელჩები, ჩვენი პარტნიორები. ესე იგი, ეს ვიღაცამ მიზეზად გამოიყენა, რომ სიტუაცია დაეძაბა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის შემოქმედთა მთავარი ამოცანაა, ტურიზმთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა პრობლემა შეიქმნას, რადგან ვიღაც ფიქრობს, რომ აქედან დივიდენდს მიიღებს.

„ყველაზე ცუდი, რაც არის ამაში, პოლიტიკის არსია, რომ ოღონდ ჩემი ადგილი მივიღო, ოღონდ საზოგადოებას მოვატყუო და რაც გინდა, ის მოხდეს, თუნდაც, დაინგრეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.