გია ვოლსკი - ვანო მერაბიშვილმა დანაშაული ჩაიდინა, მონანიების ნაცვლად, დიდ გულზეა და თითსაც იქნევს
გია ვოლსკი - ვანო მერაბიშვილმა დანაშაული ჩაიდინა, მონანიების ნაცვლად, დიდ გულზეა და თითსაც იქნევს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა დანაშაული ჩაიდინა, მონანიების ნაცვლად, დიდ გულზეა, თითსაც იქნევს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ვანო მერაბიშვილს თავის გუნდში ოპოზიცია ხედავს, თვითონ კი ხედავს, როგორც დამნაშავეს.

„ოპონენტების მთავარი პრობლემა, ვინც ვანო მერაბიშვილი ტაშის კვრით მიიღო, არის ერთი და ხაზგასასმელი – ეს არის ადამიანი, ვინც ორი გვამი მოითხოვა, ვინც დანაშაული რეალობაში ჩაიდინა. დანაშაულს არ აღიარებს, მაგრამ ზუსტად იცის. ოპონენტებისთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია და დანაშაული არ არის. ორი გვამიც უნდა გქონდეს, გირგვლიანიც უნდა გყავდეს და ნებისმიერი ადამიანის სისხლიც უნდა დაღვარო, ვინც არ დაგემორჩილება და ოჯახებზეც უნდა გადაიარო. ადამიანი ამით ცხოვრობს და მისი ტაქტიკა იყო, ადამიანის დათრგუნვა და მისთვის სიცოცხლის წართმევა. სწორად ასე მიაჩნიათ და ვანო მერაბიშვილმა ამაზე ისაუბრა. სიტყვა – დამხობას სამართლებრივ საკითხს ვერ მივუყენებ, მაგრამ დავინახოთ, საქმე ვისთან გვაქვს. დამხობა ყველაზე რბილი გამოთქმაა, იმ საქციელს თუ შევადარებთ, რისთვისაც მან სასჯელი მოიხადა და დანაშაულად არ მიაჩნია. როცა შვიდი წელი ციხეში გაატარებ, შეიძლება, გონზე არ იყო და აგრესია რაც შიგნით გქონდა დაბუდებული, გამოანთხიო ისე, რომ არც დაფიქრდე, საქმე ამაშია. ვანო მერაბიშვილს ხმა საერთოდ რომ არ ამოეღო, განა, არ ვიცით, რომ დამნაშავეა და ეს ყველაფერი დანაშაულად არ მიაჩნია – არც მატროსოვის კარის გაღება, არც დამხობა და არც სისხლის დაღვრა. ვანო მერაბიშვილს თავის გუნდში ოპოზიცია ხედავს, მე მას ვხედავ, როგორც დამნაშავეს. მან დანაშაული ჩაიდინა და მონანიების ნაცვლად, დიდ გულზეა და თითსაც იქნევს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.