გია ვოლსკი - ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მოსვლა მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენი ე.წ. ოპოზიციისთვის
გია ვოლსკი - ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მოსვლა მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენი ე.წ. ოპოზიციისთვის

მარტივი მოსმენა ნამდვილად არ იქნება, რომელიმე კითხვაზე პასუხის გაუცემლობას არავინ აპირებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, თუ კითხვის დასმის აუცილებლობა იქნება, უმრავლესობის მხრიდან მწვავე და საქმიანი კითხვები დაისმება.

„მარტივი მოსმენა ნამდვილად არ იქნება. რომელიმე კითხვაზე პასუხის გაუცემლობას არავინ აპირებს. ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მოსვლა მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენი ე.წ. ოპოზიციისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. თუ კითხვის დასმის აუცილებლობა იქნება, ჩვენი მხრიდან კითხვები იქნება მწვავე და საქმიანი. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება მოვისმინეთ, რომ მათ ერთი კითხვა აქვთ, როდის უნდა გადადგეს მთავრობა. ანუ, უნდა ველოდოთ იმას, რომ აქ საქმიანი დებატები არ გაიმართება ისევე, როგორც არ გაიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოსმენისას, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის ვითარება საკმაოდ რთულია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ. ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.