გია ვოლსკი - უშველებელი მუშაობა დაგვჭირდა, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი ევრონიჰილიზმიდან მყარ ევროპულ პოზიციაზე დამდგარიყო
ჩვენ უშველებელი მუშაობა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი ევრონიჰილიზმიდან მყარ ევროპულ პოზიციაზე დამდგარიყო, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
„ვინაიდან, ევროპა თუ მხარს უჭერს სადიზმს, ის ევროპა ვიღაცას არ სჭირდება. ჩვენ ვუხსნით, რომ ეს ასე არ არის, ევროპული დამოკიდებულება, ღირებულება, ფასეულობა სხვა არის და რეალურად, ეს ასეც არის, მაგრამ რაც ამ რეზოლუციაში დავინახეთ, ეს ის ფასეულობები არ არის, რისთვისაც მხარს გვიჭერს ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნა მიღებული, კარგია, მაგრამ, როგორც ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა თქვა, რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება არასწორია.
„გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნა მიღებული, კარგია, მაგრამ როდესაც ადამიანთა ჯგუფი ამას სპეკულაციისთვის იყენებს და ქვეყნის არევა უნდა, კეთილი უნდა ინებო და საკითხში სიღრმისეულად ჩაიხედო. როგორც ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა თქვა, რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება არასწორია. როგორც სიტუაციას ვაკვირდებით და ანალიზს ვაკეთებთ, ეს უსამართლობა გარკვეულწილად აისახა ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაშიც, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები, თუნდაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები არც ამას ელოდნენ და ამ გადაწყვეტილებამ ძალიან სერიოზული შეშფოთება, გაწბილება გამოიწვია. სახალხო პარტიის რეზოლუცია, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ ერთად მოამზადეს, ევრო პოლიტიკურმა ფორუმმა არ გაითვალისწინა და მაინც პერსპექტივა მოგვცა, რასაც ესენი არ ელოდებოდნენ. ესენი ელოდებოდნენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია გადაწყვეტდა იმას, რომ საქართველოს სანქციებს დაუწესებდნენ, ან სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ და არანაირი ლაპარაკი არ იქნებოდა არც ევროპერსპექტივაზე და არც, მით უმეტეს, კანდიდატობაზე. სწორედ ამით არის განპირობებული გააფთრებული შეტევა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გია ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციას არჩევნების ეშინია.
„არჩევნები მათთვის არის, როგორც საფრთხობელა. ისინი ხედავენ, რომ მიმართულება, რომელიც ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლებამ დაიჭირა, არის ერთადერთი გამოსავალი, რომ პატარა ქვეყანა სამშვიდობოს გავიდეს და სწორ პოზიციაზე იდგეს. როგორ შეიძლება, ამაში უფრო მკაფიო მხარდაჭერა არ გვქონდეს თუნდაც, იგივე ევროპარლამენტის, რომელმაც ასეთი საშინელი რეზოლუცია მიიღო? სწორედ უსამართლობის განცდა იწვევს თუნდაც, ამ პოლემიკას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.