გია ვოლსკი - უპერსპექტივოა „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი, ისე აიმღვრეს წყალი, რომ იქნებ დიდი პოლიტიკური თევზი დაიჭირონ
გია ვოლსკი - უპერსპექტივოა „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი, ისე აიმღვრეს წყალი, რომ იქნებ დიდი პოლიტიკური თევზი დაიჭირონ

მნიშვნელობა არ აქვს რუსეთის მხრიდან ვინ გააკეთებს განცხადებას, მნიშვნელოვანია პოლიტიკა, რომელსაც საქართველო მიჰყვება და მხარს უჭერს ვაშინგტონი, ბრიუსელი, ვენა და ჩვენი პარტნიორი დედაქალაქები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

ვოლსკის თქმით, ეს არის დაბალანსებული პოლიტიკა დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად.

„მნიშვნელობა ამას კი არ აქვს, განცხადებას გრიგორი კარასინი გააკეთებს თუ სხვა ნებისმიერი მაღალჩინოსანი რუსეთიდან, მნიშვნელობა იმ პოლიტიკას აქვს, რომელსაც საქართველო მიჰყვება და მხარს უჭერს ვაშინგტონი, ბრიუსელი, ვენა და ჩვენი პარტნიორი დედაქალაქები. ეს არის ის, რომ დაბალანსებული პოლიტიკა გვქონდეს, ძალიან შემცირებულ და უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, მცირე ფორმატში ეკონომიკურ საკითხებზე გვქონდეს მოლაპარაკება, რათა კვლავ საქართველოს არ მიადგეს ზიანი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი შეფასებით, მეორე მხრივ, სტაბილურობის ამ ფორმასა და პოლიტიკას „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძვის.

„მეორე მხრივ, ინტენსიური ევროატლანტიკური პროცესი მიმდინარეობს და სტაბილურობის ამ ფორმასა და პოლიტიკას ებრძვის „ნაციონალური მოძრაობა“. აქედან გამომდინარე, უნდა შეფასდეს ყველანაირი განცხადება, რომელსაც მოვისმენთ. ეს ისეთი თემაა, რაც სტრატეგიული მიზანია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან გაიგივებული ყველა პარტიის, მათ შორის „ევროპული საქართველოსი“, რომ დესტაბილიზაცია და დაპირისპირება ორივე მხარეს მოხდეს – დასავლეთის მიმართულებითაც და ჩრდილოეთის, ისე აიმღვრეს წყალი, რომ იქნებ, აქედან დიდი პოლიტიკური თევზი ან ღლავი დაიჭირონ, მაგრამ ეს უპერსპექტივოა“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.