გია ვოლსკი - უნდა დავაკვირდეთ, აქციებს ვინ ატარებს, სწორედ ის ხალხი, ვისაც გიორგი გახარიამ პარლამენტში შეჭრის საშუალება არ მისცა
გია ვოლსკი - უნდა დავაკვირდეთ, აქციებს ვინ ატარებს, სწორედ ის ხალხი, ვისაც გიორგი გახარიამ პარლამენტში შეჭრის საშუალება არ მისცა

უნდა დავაკვირდეთ, აქციებს ვინ ატარებს – სწორედ ის ხალხი, ვისაც გიორგი გახარიამ პარლამენტში შეჭრის საშუალება არ მისცა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, კაცი წვერს მოუშვებს თუ ვარცხნილობას შეიცვლის, ამით მისი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არანაირად არ უქმდება.

„არ მინდა, აქციის მონაწილეებს რაიმე შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ კრისტალიზაცია მოხდა. ფაქტია, რომ წარმმართველი ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“. მიუხედავად იმისა, კაცი წვერს მოუშვებს თუ ვარცხნილობას შეიცვლის, ამით მისი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არანაირად არ უქმდება. უნდა დავაკვირდეთ, აქციებს ვინ ატარებს – სწორედ ის ხალხი, ვისაც გიორგი გახარიამ პარლამენტში შემოსვლის, შემოჭრის საშუალება არ მისცა. არის კიდევ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ითხოვენ, რომ გახარია არ გადადგეს. არიან ადამიანები, პაციფისტები ვინც დაკავშირებული არ არიან რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან.

არის კიდევ ერთი მთავარი – ნიდერლანდების ელჩს დავესესხოთ, რომელიც გულისხმობს საკმაოდ სიღრმისეული გამოძიების, შეფასების, ანალიზის ჩატარებას და ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღებას, რასაც ხაზს თავად გახარია უსვამს. მთავარი მაინც ის თემაა, რასაც ოპერაცია ჰქვია – გახარია უნდა წავიდეს მხოლოდ იმიტომ, რომ რესურსი გააჩნია, სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობა არ დაუშვას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, თავიდანვე შეცდომა იყო, რომ ხელისუფლებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ სათანადოდ არ მოსთხოვა პასუხი.

„ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა გადაეფარონ და სხვადასხვა როლი ითამაშონ, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთია და მაინც მოუწევთ, საზოგადოების წინაშე პასუხი აგონ იმისთვის, რაც თუნდაც, 20 ივნისს დაატრიალეს და ის ადამიანები გაწირეს, ვისაც ფიზიკური ზიანი მიადგა. თუნდაც იმისთვის, რაც ჩაიდინეს, უამრავი ადამიანი მათი ხელიდან გარდაიცვალა, მათ შორის აქციებზე და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არც გიგა ბოკერიას და არც „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ლიდერს, ვინც მაშინ სახელმწიფო პოზიციებს იკავებდა, არათუ პასუხისმგებლობა, არამედ სინანულიც კი არ გამოუთქვამთ.

თავიდანვე შეცდომა იყო, რომ ეს პასუხისმგებლობა ისე არ მოვთხოვეთ, როგორც საჭირო იყო და დღეს, ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენეს, როგორც პოლიტიკურ განზომილებაში, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.