გია ვოლსკი - ოპოზიციის ულტიმატუმია, ვაღიაროთ პოლიტპატიმრების არსებობა, ხელისუფლებამ თავზე ნაცარი დაიყაროს, ჩაატაროს არჩევნები, ვიდრე სააკაშვილი არ იქნება არჩეული
გია ვოლსკი - ოპოზიციის ულტიმატუმია, ვაღიაროთ პოლიტპატიმრების არსებობა, ხელისუფლებამ თავზე ნაცარი დაიყაროს, ჩაატაროს არჩევნები, ვიდრე სააკაშვილი არ იქნება არჩეული

ულტიმატუმი არის, რომ ვაღიაროთ პოლიტპატიმრების არსებობა, ხელისუფლებამ თავზე ნაცარი დაიყაროს, გადადგეს და ჩაატაროს იმდენი არჩევნები, ვიდრე სააკაშვილი არ იქნება არჩეული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას კრიზისის განმუხტვის ინტერესი არ აქვს.

„ბევრი კომენტარი იქნება, მაგრამ საზოგადოებას და ჟურნალისტებს მოვუწოდებ, ანალიზი გააკეთონ განცხადებებიდან და მოქმედებებიდან. მშრალი ნაშთი, რაც გვაქვს, ეს არის აკაკი მინაშვილის, იგივე მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ულტიმატუმი არის მთავარი თემა და კომპრომისი მოლაპარაკების მაგიდასთან მათი დაჯდომაა. ეს განცხადება ადრეც გაკეთდა, მაგრამ ასეთი მკაფიო არ ყოფილა. მეორე, მშრალი ნაშთი შეგვიძლია განვიხილოთ ასევე ევროკავშირის პოზიცია, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, რომ არ არსებობს პარლამენტს მიღმა დემოკრატია. ჩვენს ოპონენტებს არ ჰქონიათ ამ კრიზისის განმუხტვის ინტერესი, არც ერთი ნაბიჯით ეს არ დადასტურებულა.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ ხელისუფლებას ეკუთვნის პასუხისმგებლობა, არამედ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც გაერთიანდნენ შალვა ნათელაშვილის ეზოში. როდესაც ამ გაერთიანებამ შეამჩნია, რომ ევროკავშირი, ევროპული სტრუქტურები, საერთოდ დასავლეთი არ სწყალობს მათ პოლიტიკურ გემოვნებას, იმ წუთში გაკეთდა განცხადება, რაც ასევე მანიშნებელია რეგიონში მიმდინარე გარკვეული პროცესებისა. ნინო ბურჯანაძემ გააკეთა შესაბამისი განცხადება რუსეთთან დაკავშირებით. ასე რომ, აშკარაა რუსეთის გავლენა ვითარებაზე, პროცესებზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, აკაკი მინაშვილმა აღიარა, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებზე ულტიმატუმით წარდგა, რაც გულისხმობდა პოლიტპატიმრების არსებობის აღიარებას და ვადამდელ არჩევნებს.

„შეთავაზება, რომ საგამოძიებო კომისიას უხელმძღვანელებდა ოპოზიციის წარმომადგენელი, არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც სრული იგნორი გაუკეთეს ოპონენტებმა. როდესაც ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები გეუბნება, ერთს, გაქვს რესურსი, რომ შეამოწმო არჩევნების შედეგი და ამაზე უარს ამბობ, ეს არის სრული გამოხატულება იმისა, რაც აკო მინაშვილმა, ანუ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა – არანაირი კომპრომისი, გარდა იმისა, რომ მოსალაპარაკებლად დავსხდებით ჩვენი ულტიმატუმით. აკო მინაშვილს არ გააჩნია არანაირი რესურსი, გარდა იმისა, რომ გაიმეოროს ის, რასაც უკრაინიდან უკარნახებენ.

ულტიმატუმი არის, რომ ვაღიაროთ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა, თავზე ნაცარი დაიყაროს ხელისუფლებამ, გადადგეს და ჩაატაროს იმდენი არჩევნები, ვიდრე სააკაშვილი არ იქნება არჩეული და საპარლამენტო ტრიბუნაზე არ დალევს ყავას თუ ჩაის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.