გია ვოლსკი - თვალყურს ვადევნებთ, როგორ მიაქვს კეზერაშვილს კონკრეტული პარტია თავის დაქვემდებარებაში, ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი
გია ვოლსკი - თვალყურს ვადევნებთ, როგორ მიაქვს კეზერაშვილს კონკრეტული პარტია თავის დაქვემდებარებაში, ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი

თვალყურს ვადევნებთ პროცესს, დავით კეზერაშვილს როგორ მიაქვს კონკრეტული პარტია თავის დაქვემდებარებაში. მან ხაბეიშვილი შეარჩია, როგორც თავის წარმომადგენელი, წინ წამოსწია და მხარი დაუჭირა. ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი, – ამის შეახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ოფიციალური და არაოფიციალური განცხადებები და კომენტარები მეტყველებს იმაზე, რომ აქ საუბარი არ იქნება, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით, საუბარია იმაზე, თუ როგორ მოხდეს დესტაბილიზაცია.

„ამ რევოლუციური გეგმის საუკეთესო აღმსრულებლად კეზერაშვილი შეარჩიეს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასახა, მაგრამ რამდენად იქნება ეს ტრადიციული „ნაციონალური მოძრაობა“ ტრადიციული ადამიანების დაქვემდებარების ან ხელმძღვანელობის ქვეშ, ამ კითხვებს პასუხს მომავალი გასცემს. რაც დღეს ხდება, ისაა, რომ 50 ათასი „ნაცის“ ფარგლებში ოთხი კანდიდატი იქნა შერჩეული და 50 ათასმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ კეზერაშვილი, უფრო სწორად, ხაბეიშვილი უნდა ჩაუდგეს სათავეში გაერთიანებას, ერთ დროს პოლიტიკურ გაერთიანებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52,58 პროცენტი მიიღო.