გია ვოლსკი - საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, თუ არა ნატო-ს წევრობა, სხვა გარანტია ქვეყანას არ გააჩნია
გია ვოლსკი - საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, თუ არა ნატო-ს წევრობა, სხვა გარანტია ქვეყანას არ გააჩნია

საქართველოს, პატარა ქვეყანას, უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება და თუ არა ნატო-ს წევრობა, სხვა გარანტია საქართველოს არ გააჩნია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც ამერიკულ გამოცემაში The Washington Times პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა განაპირობებს გადაწყვეტილებებს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მიიღებენ.

„დედაქალაქების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა ძალიან რთულია იმ პირობებში, როდესაც ერთიანი პოზიცია არ არის. ევროკავშირს ერთიანი საგარეო პოზიცია არ გააჩნია და ეს დასამალი არავისთვის ყოფილა. ქვეყნებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ, იგივე რუსული ფაქტორისა და ოკუპირებული ტერიტორიების მოცემულობის გათვალისწინებით. პრემიერ-მინისტრი მართალია, საქართველოს, პატარა ქვეყანას, სჭირდება, რომ უსაფრთხოების გარანტიები ჰქონდეს. სხვა გარანტია, თუ არა ნატო-ს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია. გავლენის მოხდენა ადვილი არ არის. ასე არ ხდება, რომ შეიკრიბონ და პრემიერ-მინისტრის განცხადება განიხილონ და ვთქვათ, საკითხი ხელის აწევით გადაწყვიტონ. მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა განაპირობებს გადაწყვეტილებებს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მიიღებენ. ჩვენი ინტერესები იმ განცხადების შინაარსიდან გამომდინარეობს, რაც პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ თქვა. რეალობაში, ეს არ არის თხოვნისა და ამ თხოვნის განხილვის თემა. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს საერთო ინტერესები უნდა ამოძრავებდეთ, რათა ეს საკითხი დროულად გადაწყდეს. ჩვენთვის ეს საკითხი სასიცოცხლო ინტერესის მქონეა. ჩვენ სტაბილური განვითარებისთვის უსაფრთხოება გვჭირდება, დანარჩენი ნიუანსები რთულია და ამ ნიუანსებს თვალი ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაუსწორონ. ეს თხოვნაც არის და მოთხოვნაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამერიკული გამოცემა The Washington Times აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სტატიას, სათაურით – „საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას – ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“. პუბლიკაციაში საქართველოს მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით და ხაზს უსვამს საქართველოს როლს ამ მიმართულებით.

დატოვე კომენტარი