გია ვოლსკი - შეიძლება, სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებიდან რაღაც ჰონორარი შემოდის, მაგრამ როცა დუჟმორეული და შეუსაბამო დამოკიდებულებით გაეცანი საზოგადოებას, უნდა დაასაბუთო შემოსავლების წარმოშობა
გია ვოლსკი - შეიძლება, სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებიდან რაღაც ჰონორარი შემოდის, მაგრამ როცა დუჟმორეული და შეუსაბამო დამოკიდებულებით გაეცანი საზოგადოებას, უნდა დაასაბუთო შემოსავლების წარმოშობა

ამორალური ის არის, რომ საზოგადოებას ყოველდღე უკიჟინებ, რუსული ორცხობილაც კი არ მიირთვას და თუ მიირთმევს, ერის მოღალატეა. ამ დროს, ჩუმად ინახავ ინფორმაციას, რომ მილიონობით რუბლი და ასიათასობით დოლარი ჩამოგდის რუსეთის ფედერაციის ეროვნული ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „ის, რომ ამ შავბნელ გადმორიცხვებს რაიმე ნათელი მოეფინოს, ელენე ხოშტარიას ოჯახს არ გაუკეთებია“.

„შეიძლება, ამას რაღაც გამართლება და დანიშნულება გააჩნია, შეიძლება, შუაში სოლიკო ვირსალაძეა და მისი შემოქმედებიდან რაღაც ჰონორარი შემოდის, მაგრამ როცა შენ გაქვს გააფთრებული და დუჟმორეული დამოკიდებულება და შეუსაბამო დამოკიდებულებით გააცანი საზოგადოებას თავი, კეთილი უნდა ინებო და უნდა დაასაბუთო შემოსავლების წარმოშობა, ან საიდან არის, ან რა დანიშნულება აქვს. რა მხატვრობაა ამისთანა, რომ ამდენ დოლარს აგროვებს მისი მემკვიდრეებისთვის, რაც საეჭვოა, მაგრამ ეჭვის გაფანტვაც შესაძლებელია. ის, რომ ამ შავბნელ გადმორიცხვებს რაიმე ნათელი მოჰფინოს, ელენე ხოშტარიას ოჯახს არ გაუკეთებია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მათივე ინფორმაციით, გადმორიცხვები არ შეჩერებულა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგაც. „ქრონიკის“ ინფორმაციითვე, ცნობილი გახდა ასევე ის ფაქტიც, რომ ხოშტარიებმა აღნიშნული თანხის ნაწილით ბათუმში საცხოვრებელი ბინაც შეიძინეს. მოგვიანებით, ხოშტარიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მამამისი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. „უკვე 25 წელია, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან“.

ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიას მოუწოდა, „გაასაჯაროოს ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთიდან მიღებული თითოეული რუბლის შესახებ“. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ელენე ხოშტარიას ოჯახის რუსული შემოსავლების შესახებ“.