გია ვოლსკი – შეიძლება, ღარიბაშვილს ვიღაც ჰპირდება, თავის ბრძოლას ამ მიმართულებით თუ გააგრძელებს, ქვეყანაში რევოლუციური პროცესის განვითარებას დაეხმარება და აქედან რაღაც დივიდენდს მიიღებს

14:14, 02.09.2026

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების მიზანია თავის დაცვა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაზიანება.

„ალბათ ამას ორი მიზეზი აქვს – ერთი, რომ თავი დაიცვას და პოლიტიკური ქოლგის ქვეშ აღმოჩნდეს; მეორე – რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენო იმ ხელისუფლებას, რომლის ლიდერი ერთი პერიოდი თავად იყავი, მაგრამ დღეს სააშკარაოზე გამოგიყვანა, როგორც დამნაშავე. ადამიანმა თავი მოიკლა, დადასტურებულია, სამწუხაროა, მაგრამ არ შეიძლება, ამ ვითარებასთან კავშირი ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, ამ თემების გამოყენება, წამოწევა დიდ სინანულს უკავშირდება, მაგრამ ამავე დროს არ აქვს არანაირი ფასი, არც პროპაგანდისტული თვალსაზრისით და არც სამართლებრივად არანაირ კონტექსტში არ ჯდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, არ არის გამორიცხული, ირაკლი ღარიბაშვილი შეცდომაში იყოს შეყვანილი.

„შეიძლება, ვიღაც ჰპირდება, რომ თავის ბრძოლას ამ მიმართულებით თუ გააგრძელებს, ეს ქვეყანაში რევოლუციური პროცესის განვითარებას დაეხმარება და აქედან რაღაც დივიდენდს მიიღებს – თავისუფლებას ჰპოვებს და იმ დანაშაულს დაივიწყებენ, რომელიც რეალურად ჩადენილი აქვს. ვუშვებ, რომ ვიღაცამ დაარწმუნა, ეს გზა, შეიძლება, მისთვის სტრატეგიულად იყოს გამართლებული. შეიძლება, „ჭკვიანმა ადამიანმა“, თუნდაც მისმა ადვოკატმა, მრჩეველმა მისცა ასეთი მოსაზრება, რომ „დაუპირისპირდი, ჩაერთე რევოლუციურ პროცესში ამ განცხადებებით, შექმენი კონსპირაციის შავი სურათი, რომ ვიღაცამ თავი ჩამოიხრჩო, დანაშაულები ხდება“, თითქოს თვითონ არაფერი ჩაუდენია. ალბათ ვიღაცამ უთხრა, ნაცვლად იმისა, რომ ახსნა, სიმდიდრე საიდან, რატომ, რა გზით მოიპოვე, შეტევაზე გადადიო. შეიძლება, ეს სტრატეგია მის თავში ჩამოყალიბდა. ნათელია, რომ ადამიანი იმ მეთოდით იბრძვის, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს. ბიძინა ივანიშვილისთვის ღარიბაშვილი უცხო არ იყო, მეც მისგან გავიცანი 2011 წელს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ემოციურად ყველაზე რთულად გადასატანი მაინც ბიძინა ივანიშვილისთვისაა, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ვფიქრობ, გარკვეულ ტრენდში უნდა ჩაჯდეს, რომელიც ოპოზიციას რევოლუციისკენ მიაქანებს და უნდა, ამაში თავისი წვლილი შეიტანოს, რათა რევოლუციის შემდეგ იქნებ რაღაც დივიდენდი მიიღოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილს საკმაოდ სერიოზული ფინანსური რესურსი ჰქონდა დაგროვილი უკანონო გზით.

„გადაღებულია ქონება, რომელიც შენახული იყო – ოქროს ზოდებიდან დაწყებული, საათებით დასრულებული, საკმაოდ სერიოზული ფინანსური რესურსი ჰქონდა დაგროვილი უკანონო გზით. ეს თავად აღიარა, სამწუხაროა, ემპათია არსებობს. მისმა გუნდმა ამით რეპუტაციული ზიანი განიცადა, მაგრამ ყველანი მორალურად მართლები უნდა ვიყოთ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რაც აღიარა, დიდი დანაშაულია. აბსურდი და პროპაგანდისტული ხაზის უნიათო მცდელობაა, თითქოს ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ინაშვილს და ჩუბინიძეს ისეთი პოლიტიკა მიჰყავთ. რასაკვირველია, ფაქტი მძიმეა, განვიცდი მეც და მთელი გუნდიც, მაგრამ ის, რომ ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, როგორმე ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში არ დაბრუნდეს, აბსურდია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილთან დაკავშირებით.

მსგავსი